ნადირაძე: „ქართული ჯარი ხალხის წინააღმდეგ არასდროს წავა“
„ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ ქართული ჯარი ქართველი ხალხის წინააღმდეგ არასდროს წავა, – ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე ინფორმაციას თავდაცვის ძალების პროცესებში ჩართვის შესახებ. მისი თქმით, ეს სცენარი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ სრულ კრიზისშია, ხოლო ჯარი, რომელსაც თავადვე წლების განმავლობაში ამცირებდნენ და შეურაცხყოფდნენ, ქართველ ხალხს არასოდეს დაუპირისპირდება.
გაჟღერებული სცენარი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, "ქართული ოცნება" ბოლომდე ჩამოშლილები არიან, მათ უდიდესი პრობლემები აქვთ სუსშიც, გდდ-შიც, პოლიციაშიც და თუ საგანგებოს და ჯარის გამოყვანის იმედზე არიან, მათ ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცები არასდროს წავლენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ამ 13 წლის განმავლობაში თუ ვინმე დაამცირეს, თუ ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენეს, თუ ვინმე აბუჩად აიგდეს, ეს სწორედ ქართველი ჯარისკაცები არიან, ჩვენი ვაჟკაცი მებრძოლები არიან, ჩვენი გმირები არიან, გიორგი ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ძმები რომელაშვილები, ის ადამიანები, რომლებსაც ასე ამცირებდნენ წლების განმავლობაში. არ ვიცი, 13 წელია ერთი აღლუმი არ ჩაუტარებია ბიძინა ივანიშვილს იმდენად სძულს და ეზიზღება ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცები. სწორედ ამიტომ ვიყოთ მზად, ვიყოთ მშვიდად , 4-ში ვიყოთ ყველანი ძალიან ბევრნი და აუცილებლად მშვიდობიანად გავისტუმრებთ რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მის კორუმპირებულ "ქართულ ოცნებას", - ამბობს ნადირაძე.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის თქმით, მოქმედ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაიყვანენ, მისი ამოცანა კი ვაშინგტონთან ურთიერთობების დალაგება იქნება. თავდაცვის მინისტრად იგეგმება გურამ ზესაშვილის დანიშვნა. შაიშმელაშვილის ინფორმაციით, თუ შსს 4 ოქტომბერს ძალადობაზე უარს იტყვის, საგანგებო მდგომარეობა და თავდაცვის ძალების ჩართვაა მოსალოდნელი.