ხოშტარიას პატიმრობა პოლიტიკური ანგარიშსწორებაა - გიგა ლემონჯავა
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიგა ლემონჯავა არ გამორიცხავს, რომ "ოცნებამ" ელენე ხოშტარია პატიმრობაში გაუშვას. მისი თქმით, საქმე სამართლებრივ ლოგიკას არ ემყარება და ადგილი აქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, რომლის მიზანიც პროტესტის ჩახშობაა.
„ოცნება“ ცდილობს გააჩეროს საზოგადოება კონკრეტულ თარიღამდე, თუმცა ხალხი მზადაა იბრძოლოს ბოლომდე,“ – აცხადებს ლემონჯავა.
რა თქმა უნდა, შეიძლება, ვნახოთ პატიმრობაში გაშვებული ელენე ხოშტარია, იმიტომ, რომ ეს პროცესი არ ექვემდებარება არავითარ სამართლებრივ ლოგიკას. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების პროცესი მის წინააღმდეგ ისევე, როგორც სხვა პოლიტიკური პატიმრების წინააღმდეგ ბრალდებებს არავითარი სამართებრივი შინაარსი არ ჰქონდა. "ოცნების" მიზანია, რომ პროტესტი მოკლას ამ ქვეყანაში. ეს 4 ოქტომბრამდე მოხდება, 5 ოქტომბრამდე, 7-მდე თუ 27 სექტემბრამდე, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს "ოცნებისთვის". მათი ამოცანაა, ზოგადად, რომ მოკლან პროტესტი ამ ქვეყანაში, მაგრამ ამ პროტესტს ისინი ვერ მოკლავენ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი მზად არის, რომ იბრძოლოს ბოლომდე, არა რომელიმე კონკრეტულ ერთ თარიღამდე, არამედ ბოლომდე, - ამბობს გიგა ლემონჯავა.
შეგახსენებთ, რომ მუხლი, რომლითაც ელენე ხოშტარია დააკავეს, ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შსს-მ კახა კალაძის ბანერის დაზიანების გამო, ოპოზიციონერ ლიდერის მიმართ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.
ელენე ხოშტარია ახლა ბრალის ოფიციალურად წარდგენას ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება.