“იუსტიციის სამინისტრო ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ატარებს“ - კახა კუკავა

16.09.25 12:07
“იუსტიციის სამინისტრო ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ატარებს“ - კახა კუკავა

თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კუკავამ საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე - შრომითი ბინადრობის მოწმობებსა და სამუშაო ვიზების შეზღუდვაზე ისაუბრა.

მან სპეციალური ბრიფინგი იუსტიციის სამინისტროსთან გამართა და აღნიშნა, რომ უწყება ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ატარებს.

“ყველა ნორმალური ქვეყანა იცავს საკუთარ შრომით ბაზარს. როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოთ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ კი ვხედავთ რომ ჩვენი ბიუჯეტის ფულით შენდება ცენტრალური ავტომაგისტრალი და დასაქმებულთა უმრავლესობა სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ჩვენ მივესალმებით უცხოელების ტურისტულ ნაკადს ნებისმიერი ქვეყნიდან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მუდმივ მიგრანტებს, რაც ჩვენი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის არ მხოლოდ ეკონომიკური პრობლემაა, არამედ დემოგრაფიული გამოწვევა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

სამწუხაროდ “ქართული ოცნება” და მის მიერ კონტროლირებადი იუსტიციის სამინისტრო, ამ მიმართულებით ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ატარებს, და ჩვენ ვიზუალურად ვხედავთ ყოველდღე თბილისის ქუჩებში როგორ შემოდის დედაქალაქში ახალი მკვიდრი მოსახლეობა, უცხოელი მუშები, ტაქსისტები, გიდები და ასე შემდეგ”.

“თავისუფალი საქართველო” არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში როგორც მუნიციპალურ, ისე ცენტრალურ დონეზე მოახდენს ახალი მიგრაციული და დემოგრაფიული პოლიტიკის ინიცირებას, რომელიც მიმართული იქნება დედაქალაქის და მთელი ქვეყნის იდენტურობის შენარჩუნებაზე, - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები