არ დაუშვათ გიორგი კინოიანის რუსეთში ექსტრადიცია - "ძლიერი საქართველოს" ბრიფინგი

16.09.25 13:34
არ დაუშვათ გიორგი კინოიანის რუსეთში ექსტრადიცია - "ძლიერი საქართველოს" ბრიფინგი

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ვატო სურგულაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილით მიმართეს. ოპოზიციონერებს აინტერესებთ, რას აკეთებს საგერო უწყება იმისთვის, რომ სომხეთში დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქე გიორგი კინოიანი გამოიხსნას. ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს. 

მათი თქმით, უკრაინაში მოხალისედ ნაბრძოლი კინოიანი რუსეთიდან გამოცხადებული ძებნის საფუძველზეა დაკავებული და 40-დღიან საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება, რისკით, რომ რუსეთს გადაეცეს.

ოპოზიცია ითხოვს მინისტრისგან კონკრეტულ ნაბიჯებს როგორც კინოიანის საქართველოში დაბრუნებისთვის, ისე უკრაინაში ნასმახურევი ქართველი მებრძოლების დაცვის სისტემური მექანიზმებისთვის.

მოვედით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, კანცელარიაში დავტოვეთ წერილი და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვითხოვთ ოფიციალურ განმარტებებს თუ რას აკეთებს ჩვენი საგარეო პოლიტიკური უწყება იმისთვის, რომ გამოვიხსნათ სომხეთში დაპატიმრებული ძალიან მაგარი ვაჟკაცი ბიჭი, საქართველოს მოქალაქე გიორგი კინოიანი, რომელიც უკრაინაში მოხალისედ იბრძოდა, რომელსაც დონეცკის სასამართლომ 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და როგორც ირკვევა, ის იძებნებოდა რუსეთის მიერ. არ იცოდა ამ ბიჭმა, რომ იყო ძებნილი, გადაკვეთა სომხეთის საზღვარი, ჩვენმა მესაზღვრეებმა ის საქმის კურსში არ ჩააყენეს და არის ახლა პატიმრობაში. რუსეთი ითხოვს მის გადაცემას. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა მოხდეს. საქართველომ, მოუხედავად იმისა, რომ სულგაყიდული მოღალატეები არიან, ამის მიუხედავად, მე მჯერა, რომ ამ უწყებაში სხვა პატიოსანი, პროფესიონალი ადამიანები მუშაობენ მმართველ პოზიციებზე, არ უნდა დაუშვას ამ ხალხმაც, არავინ საქართველოში, რომ რუსეთს გადაეცეს საქართველოს მოქალაქე და იქ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

ასე რომ, ჩვენ ოფიციალურად ვითხოვთ განმარტაბებს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ან რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ ეს ბიჭი დაბრუნდეს საქართველოში და არ გადაეცეს რუსეთს, ეს ერთი და რა ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ მსგავსი, უკრაინაში ნაომარ  ათასობით ქართველს მსგავის საფრთხე და მსგავსი პრობლემა არ ჰქონდეს, - ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

  • 29 წლის გიორგი კინოიანი 2025 წლის 3 სექტემბერს, შუადღისას დააკავეს საქართველოდან სომხეთში გადასვლის შემდეგ. ის მშობლებთან ერთად მიემგზავრებოდა სომხეთში.
  • ინფორმაცია ამის შესახებ ოჯახმა გაავრცელა. მასზე რუსეთის ფედერაციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ბრალდებით.
  • ამჟამად მას 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული - იგი რუსეთში ექსტრადიციის რისკის წინაშეა.
  • სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას ავტომატურ რეჟიმში შეატყობინა, რომ დააკავა რუსეთის მიერ ძებნილი პირი.
  • ჯერჯერობით სომხურ მხარეს რუსეთისგან უშუალოდ თხოვნა ექსტრადიციაზე - რაც სტანდარტულად არის გათვალისწინებული, - არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ კინოიანი სომხეთის საზღვარზე 3 სექტემბერს აიყვანეს, ის რუსეთის მოთხოვნით იძებნება. ახლა ქართველი მებრძოლი 40-დღიანი საექსტრადაციო ვადით ჰყავთ დაპატიმრებული, რაც პროცედურულად გულისხმობს, რომ ამ დროში რუსეთმა მისი ექსტრადიციისთვის საჭირო მტკიცებულებები და დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს. 

 

მსგავსი სიახლეები