ოპოზიცია: ფულის გათეთრების უპრეცედენტო სქემა სახელმწიფო უწყებების მონაწილეობის გარეშე ვერ მოხდებოდა
ვინ მფარველობდა ფულის გათეთრების უპრეცედენტო სქემას? ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მილიარდი ლარის გათეთრება ისე ვერ მოხდებოდა, რომ კონკრეტულ სახელმწიფო უწყებებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდათ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე ფიქრობს, რომ "ოცნების" მმართველობის პერიოდში არაერთ მსგავს დანაშაულს ექნებოდა ადგილი.
წარმოუდგენელი ბრიფინგი მოვისმინეთ, რომ თურმე 2022-24 წლებში 625 მლნ დოლარი და 35 მლნ ევრო გაუთეთრებიათ ისე ამ ქვეყანაში, რომ თურმე ამის შესახებ არ იცოდა არც ბიძინა ივანიშვილმა, არც შსს-მ, არს სუსმა, არც ფინანსთა სამინისტრომ. ვინმეს გჯერათ ეს ზღაპარი? და ვინც ამ ტრანსნაციონალურ დანაშაულებებზე, ვინც ამ ქონებების მიტაცებაზე, ბიუჯეტის მიტაცებაზე საუბრობდა, ეს ადამიანი ჩასვეს ციხეში. სადაც ეს თანხები გააჟღერეს, დათვალონ ჩვენმა მოქალაქეებმა 13 წლის განმავლობაში რამდენმა მაღალჩინოსანმა "ქართული ოცნებიდან" რამდენი მლრდ-ი და მლნ-ი მოპარა ჩვენს მოქალაქეებს და ეს არის ის მლრდ და მლნ-ები, რომლებიც მოაკლდა მათ პენსიებს, მათ ჯანდაცვას, მათ განათლებას, მათ ინსფრასტრუქტურას, მათი სამუშაო ადგილების შექმნას. აი, ამ ყველაფერს გვართმევს ჩვენ ივანიშვილი, - ამბობს ნადირაძე.
პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე ამბობს, რომ მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებელი სრულად სისტემაა.
დაახლოებით 2 მლრდ-ი ლარი ქვეყანაში შემოდიოდა, გადახურდავებაში გადადიოდა, ეკონომიკაში გადაიოდა, რეალურად გავლენა ჰქონდა კურსზე, აღარიბებდა ხალხს, ამდიდრებდა ხალხს და ამას ყურადღებას არ აქცევდა, მაგალითად, ეროვნული ბანკი, მისი თავმჯდომარე, ვანო ჩხარტიშვილის დაქალი? როგორ შეიძლება, თან ერთი რამე თქვა, 2 მლრდ ლარის და მეტის მიმოქცევა შავად ბაზარზე და მეორეს მხრივ, პასუხი არ მოსთხოვო მთელ იმ სისტემას, რომელსაც ევალება ამ საკითხებზე პასუხისგება? ეს ერთმანეთისგან გამორიცხულია. ან ვნახავთ, პოლიტიკურად რომ ვთქვათ, დაიყრება ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობის თავები, მისი თავმდჯოამრის, ნათია თურნავას თავი და პასუხი უნდა აგონ, ან მაშინ ეს იქნება მორიგი შიდა გარჩევა და ანგარიშსწორება, - ამბობს ანა დოლიძე.
"ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე ამბობს, რომ "ოცნება" კორუფციას მხოლოდ მოჩვენებითად ებრძვის.
ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მათი პროპაგანდა, თითქოს ებრძვიან კორუფციას, ეს მათი შიდა კლანური დაპირისპირებებია, რომელიც ივანიშვილს მოჰყვება 90-იანი წლების რუსეთიდან. ეს არის მისი მაფიოზური კლანური მემკვიდრეობა ახლა რომ ცდილობს, გაუსწორდეს თავისივე "კარის ბიჭებს", - ამბობს გიორგი სიორიძე.
პროკურატურის ცნობით, 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. მათივე ინფორმაციით, 2022–2024 წლებში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ, კონკრეტულმა დაჯგუფებამ საბაჟოს გვერდის ავლით შემოტანილი ნაღდი ვალუტა ბანკებში „კანონიერ შემოსავლად“ გაატარა და ეკონომიკურ ბრუნვაში განათავსა.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებას დაკავებულიც ინიციალებიც კი არ გაუსაჯაროვებია. არ გავრცცელებულა არც დაკავების კადრები.