გიორგი ხიშტოვანი: 2 მლრდ-იანი ფულის გათეთრება რეგულატორს და საბანკო სექტორს ვერ გამოეპარებოდა

17.09.25 11:39
გიორგი ხიშტოვანი: 2 მლრდ-იანი ფულის გათეთრება რეგულატორს და საბანკო სექტორს ვერ გამოეპარებოდა

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ფიქრობს, რომ შეუძლებელია, ფულის გათეთრების უპრეცედენტო სქემა რეგულატორს და შესაბამის უწყებებს გამოპარვოდათ. მისი თქმით, ჩნდება არაერთი კითხვა – ვის უნდა ჩამოერთვას თანხა, რამდენი დარჩა საქართველოში და რა ნაწილი გავიდა ქვეყნიდან.

ხიშტოვანი არ გამორიცხავს, რომ "ოცნების" ხელისუფლება პარალელურად ცდილობდეს ამ თანხებით ბიუჯეტის შევსებასაც.

პატარა ანგარიში რომ შევასრულოთ, დაახლოებით მთლიანი დეპოზიტების მთლიანად საბანკო სფეროში იმ პერიოდში 4% იქნა გათეთრებული, როგორც ამტკიცებს პროკურატურა, რაც არის გამაოგნებელი. დაახლოებით 2 მლრდ ლარზეა საუბარი. ამ რეგულირების პირობებში, მკაცრი საკმაოდ, როგორ შეიძლება, 2 მლრდ-იანი თაღლითური სქემა გამოეპაროს რეგულატორს, გამოეპაროს თვითონ საბანკო სფეროს, გამოეპაროს სხვადასხვა ზედამხედველს, სამართალდამცავს და მოქმედებდეს წლების განმავლობაში, ეს არის ძალიან უცნაური და რა თქმა უნდა ეჭვებს აჩენს. აქ ორი საკითხია: პირველ რიგში, ვის უნდა ჩამოერთვას ეს თანხა? იმ ერთ დაკავებულ ადამიანს თუ ჯგუფს, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით. ეს არის პირველი კითხვა. მეორე კითხვაა, რა თანხა დარჩა საქართველოში და რა თანხა იქნა ქვეყნიდან გატანილი. წლის გეგმის შესრუება მნიშვნელოვნად დგას კითხვის ნიშნის ქვეშ და შესაბამისად ვიყუვი, რომ აქ, მათ შორის, ორი კურდღლის დაჭერა შეიძლება, სცადოს მთავრობამ და პარალელურად, ამ გამოძიებისა, შეიძლება სცადოს თანხების ამოღება და შევსება ამით ბიუჯეტის, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.  

პროკურატურის ცნობით, 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. მათივე ინფორმაციით, 2022–2024 წლებში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ, კონკრეტულმა დაჯგუფებამ საბაჟოს გვერდის ავლით შემოტანილი ნაღდი ვალუტა ბანკებში „კანონიერ შემოსავლად“ გაატარა და ეკონომიკურ ბრუნვაში განათავსა.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებას დაკავებულიც ინიციალებიც კი არ გაუსაჯაროვებია. არ გავრცცელებულა არც დაკავების კადრები.  

 

მსგავსი სიახლეები