ირაკლი კუპრაძე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებს შეხვდა

17.09.25 12:41
ირაკლი კუპრაძე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებს შეხვდა

თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე დღეს საქალაქთაშორისო მარშრუტებზე დასაქმებულ მძღოლებს შეხვდა. მათი ძირითადი პრობლემა უკავშირდება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 1 იანვრიდან 2013 წლამდე გამოშვებული კერძო სამარშრუტო ტაქსებით მუშაობა აიკრძალება.

მძღოლები შიშობენ, რომ ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ასობით ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური წერილი ჯერ არ მიუღიათ, ისინი ვარაუდობენ, რომ ცვლილება მათ ოჯახების შემოსავალზეც იქონიებს გავლენას.

კუპრაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რეგულაციის ფონზე არსებობს რისკი, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის სფეროს მონოპოლიზაცია მოახდინონ.

„ჩემი მომდევნო დღეების მიზანია გავარკვიოთ ვინ აპირებს ამ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აკრძალვას, შესთავაზებენ თუ არა აქ არსებულ მძღოლებს დასაქმებას, ან შესაძლებლობას რომ შეიძინონ ავტობუსები, რომელსაც ითხოვს კონკრეტული სამსახური და გააგრძელონ მუშაობა, აქ მყოფმა ასობით მძღოლმა, შეინარჩუნონ სამსახური და მათი ოჯახები არ დარჩნენ ელემენტარული შემოსავლის გარეშე. მათი შიში დაყრდნობილია იმ გადაწყვეტილებაზე რომელიც ხელისუფლებამ მიიღო ან უნდა მიიღოს, ამის შესახებ კი მათ არაფერს ეუბნებიან. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის რომ ახალი სტრუქტურა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, არ მოარგოს ქართულმა ოცნებამ თავის საახლობლოს, ტენდერებით და ჩაწყობებით, რაც ასობით მძღოლს დატოვებს უმუშევარს“. აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ.