არასრულწლოვნის ოჯახი ბრალდებული მკლავჭიდელი ქალის კანონის სიმკაცრით დასჯას ითხოვს - პროკურორი

17.09.25 13:50
არასრულწლოვნის ოჯახი ბრალდებული მკლავჭიდელი ქალის კანონის სიმკაცრით დასჯას ითხოვს - პროკურორი

არასრულწლოვნის ოჯახს სურს ბრალდებული მკლავჭიდელი ქალი კანონის სიმკაცრით დაისაჯოს - ამის შესახებ ხატია ვიბლიანის საქმის პროკურორმა, ნათია ნოზაძმე განაცხადა.

ნოზაძემ ისაუბრა გირაოზეც, რომელიც პროკურატურამ მოითხოვა სასამართლოზე და თქვა, რომ გათვალისიწნებულ იქნა, რომ ხატია ვიბლიანი 4 წლის შვილს მარტო ზრდის, ასევე ბოდიშს იხდის და მზად არის, აანაზღაუროს ზიანი.

პროკურორის თქმით, ვინაიდან მომხდარ ინციდენტს ხატია ვიბლიანის 4 წლის შვილიც შეესწრო, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენეს სოციალური სამსახურიც.

„დაზარალებული არასრულწლოვანი კონკრეტულ გარემოებებზე უთითებს, თუ რა იყო მიზეზი და რამ გამოიწვია ბრალდებულის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ფაქტი. არასრულწლოვანი ასევე უთითებს იმაზე, ვინაიდან მოძალადე ქალი იყო, თავად საპირისპირო სახის ქმედებები არ განახორციელა, უბრალოდ თავდაცვის რეჟიმში იყო ძალადობრივი ქმედებების დროს.

რიგი იყო მაღაზიაში, რადგან ბრალდებულს მცირეწლოვანი შვილი ახლდა, ქალბატონმა რიგის დათმობა ითხოვა, ერთი ცალი „ჩიფსი“ უნდა ვიყიდოო, რაზეც მოლარემ მიუთითა, რიგი დაეკავებინა, ბრალდებულმა განუმარტა, რომ მის წინ მყოფი რიგს უთმობდა, კონფლიქტი მოლარესა და ბრალდებულს შორის მოხდა. არასრულწლოვანი იქვე იდგა, უთხრა, რომ იქ სხვებიც იდგნენ და დროულად ემოქმედა. ბრალდებული არასრულწლოვანს მიუბრუნდა, შენ ვინ გეკითხებაო. როგორც ის აცხადებს, არასრულწლოვანმა შეურაცხყოფა მიაყენა, ბავშვი ამბობს, რომ ეს ასე არ იყო. ბრალდებული გარეთ გავიდა, ტაქსი გამოიძახა, ამ დროს არასრულწლოვანიც გამოვიდა, მერე კიდევ გაგრძელდა კონფლიქტი.

რაც შეეხება გირაოს, მუხლი ნაკლებად მძიმე კატეგორიის არის, მაგრამ პირველი, რაზეც ყურადღებას ვამახვილებთ, არის ის, რომ არის მარტოხელა დედა და 4 წლის შვილს მარტო ზრდის. ბავშვის ერთადერთი პატრონი არის ის, რასაც ვითვალისწინებთ.

ასევე ვითვალისწინებთ, რომ ის წარსულში არ არის ნასამართლევი, ასევე აღიარებს, ბოდიშს იხდის და მზად არის, პირადადაც მოიხადოს ბოდიში, აანაზღაუროს მორალური, მატერიალური ზიანი, რაც არის. ის ყველაფერზე თანახმაა, რომ არასრულწლოვანს მაქსიმალურად შეუმსუბუქოს მდგომარეობა. ექსპერტიზა დანიშნულია, ჯერ არ მიგვიღია დასკვნა. მკვეთრი დაზიანება, გამოხატული არ არის. არასრულწლოვანი დედამ თავის დაზღვევის მიზნით, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა, ვინაიდან სახე ჰქონდა გაწითლებული და კისრის არეში ნაკაწრი ჰქონდა. ოჯახს სურს, კანონის სიმკაცრით დაისაჯოს ბრალდებული",- განაცხადა ნოზაძემ.

მსგავსი სიახლეები