ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებული პირის კახა კოტორაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
"პირველების" ინფორმაციით, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:30 საათზე ჩატარდება, სადაც მოსამართლე ფიქრია სიქსტურაშვილი კოტორაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
„პირველებმა“ დაადგინა კომპანია, რომლის შეფიც ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. კომპანია „ფინის“ 49 წლის მფლობელს, კახა კოტორაშვილს პროკურატურა 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრებას ედავება.
"პირველებისთვის" ასევე ცნობილი ხდება, რომ გამოძიება დაკავებულის მხრიდან იმ ადამიანების გვარების დასახელებას ელოდება, ვისაც მისთვის მილიონები გასათეთრებლად მიჰქონდა. ირკვევა, რომ დაკავებული და მისი კომპანია გამოიყენეს ამ სქემისთვის, ხოლო მილიარდ ლარზე მეტი თანხა სხვას ეკუთვნოდა.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებას დაკავებულის ინიციალებიც კი არ გაუსაჯაროვებია. არ გავრცელებულა არც დაკავების კადრები.