უკრაინის საელჩო: "ჰექსოგენის" საქმეზე დაკავებულებზე ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია, ვცდილობთ შეხვედრას
საქართველოში უკრაინის საელჩო აცხადებს, რომ "ქართული მხრიდან არ მიუღიათ ოფიციალური ინფორმაცია" ასაფეთქებელი ნივთიერება "ჰექსოგენის" საქართველოში შემოტანის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.
უკრაინის საელჩოს მიერ რადიო თავისუფლების წერილობით გაგზავნილ შეკითხვებზე პასუხის მიხედვით, საქმესთან დაკავშირებით "ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მუდმივ მონიტორინგს" ახორციელებენ.
ამასთან "საელჩოს საკონსულო თანამშრომლები ყოვლისმომცველ ზომებს იღებენ რათა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისგან მიიღონ ნებართვა ზემოაღნიშნულ უკრაინელ მოქალაქეებთან შესახვედრად და მათი დაკავების ყველა გარემოების გასარკვევად".
საელჩოში კომენტარს არ აკეთებენ დამატებით შეკითხვებზე, ეცნობა თუ არა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოში უკრაინის ორი მოქალაქის დაკავებისა და მათგან ერთის მიერ მიცემული ჩვენების შესახებ და რა ზომებს მიმართავს უკრაინის უშიშროების სამსახური, ვინაიდან საქართველოს უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ "ჰექსოგენის" საქართველოში შემოტანის საქმესთან ამ უწყების წარმომადგენლები არიან დაკავშირებული.
„ტროტილის“ შემადგენელი ნივთიერების, „ჰექსოგენის“ საქართველოში შემოტანის ბრალდებით დაკავებულ ორივე უკრაინელს სასამართლომ 12 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულები არიან უკრაინის მოქალაქეები, დენის შურავლოვი და მიხაილო სკრუპსკიი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ „გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად“ არკვევს, არსებობს თუ არა კავშირი ამ ამბავსა და „4 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის“.
საქართველოში "ჰექსოგენის" შემოტანის და უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 11 სექტემბერს გაავრცელა.
ითქვა, რომ, ამოიღეს „ტროტილის“ შემადგენელი ნივთიერება „ჰექსოგენი“ და საქართველოში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე: მძღოლი, რომელიც გამოძიების ვერსიით, მართავდა ავტომობილს და ადამიანი, რომელსაც ის საქართველოს ტერიტორიაზე შეხვდა და გადასცა ამოღებული ნივთიერება.
სუსის 11 სექტემბრის განცხადებაში დაკონკრეტებული არ ყოფილა, საქართველო იყო დანიშნულების საბოლოო ადგილი, თუ ასაფეთქებლის შემცველი ნივთიერება რომელიმე ქვეყანაში უნდა გასულიყო.
წყარო: რადიო თავისუფლება