ზურაბ ზვიადაური ისევ ციხეში მოხვდა - რას ედავებიან ამჯერად "ოცნების" ყოფილ დეპუტატს
იარაღის ტარების გამო დაკავებული მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი ბრალის წარდგენას ელოდება. ზურაბ ზვიადაური თბილისში, საბურთალოზე დილით დააკავეს. "პირველების" ინფორმაციით, "ოცნების" ყოფილი დეპუტატი საცხოვრებელი სახლიდან გადიოდა რა დროსაც საპატრულო პოლიციამ ის გადამოწმების მიზნით შეაჩერა. შსს-ის მტკიცებით ზვიადაურს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რაც აკრძალული ჰქონდა, ამიტომ ხელბორკილი დაადეს და განყოფილებაში გადაიყვანეს
მეზობლები, ვინც ზვიადაური ბოლოს, დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე ნახა, ამბობენ, რომ ოლიმპიური ჩემპიონი იარაღით არასდროს გადაადგილდებოდა. ირკვევა, რომ პოლიციას ჩხრეკა არ ჩაუტარებია ოლიმპიური ჩემპიონის არც საცხოვრებელ სახლში და არც ავტომობილში.
ზურაბ ზვიადაური - "ოცნების" ყოფილი დეპუტატი მკვლელობის ბრალდებით 2021 წელს დააკავეს და რამდენიმე თვეში 50 ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მაშინ ამბობდნენ, რომ ყოფილმა დეპუტატმა შური ძმის მკვლელობისთვის იძია.
ზურაბ ზვიადაური ჯერ "ოცნების" დეპუტატი იყო, შემდეგ კი ქართულმა ოცნებამ ის გაზისა და ნავთობის კორპორაციაში დაასაქმა. "პირველების" ინფორმაციით მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის კომპანიამ ბოლოს თუშეთის გზის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და პროექტის განხორციელებას იწყებდა.