"ოცნებას" პირველი "რუსული კანონის" დროს ჰქონდა მცდელობა, რომ პროცესებში თავდაცვის სამინისტროს ძალები გდდ-ს ფორმებით ჩაერთო - ჯარმა უარი უთხრა" - შაიშმელაშვილი

17.09.25 22:10
"ოცნებას" პირველი "რუსული კანონის" დროს ჰქონდა მცდელობა, რომ პროცესებში თავდაცვის სამინისტროს ძალები გდდ-ს ფორმებით ჩაერთო - ჯარმა უარი უთხრა" - შაიშმელაშვილი

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" 2023 წელს, პირველი "რუსული კანონის" აქციების დროს ჰქონდა მცდელობა, რომ პროცესებში თავდაცვის სამინისტროს ძალები ჩაერთოთ, თუმცა მაშინ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელიც ამაზე ხელს არ მოაწერდა. 

ირაკლი შაიშმელაშვილის ცნობით, "ოცნებამ", 2023 წელს, მიიღო გადაწყვეტილება, რომ გდდ-ს ფორმები დაეპრინტათ და თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები აღნიშნული ფორმებით გაეყვანათ აქციაზე, მაგრამ "მაშინ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ამაზე უარი თქვეს". 

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ შსს-ს თანამშრომლები, 4 ოქტომბერს, უარს იტყვიან ძალის გამოყენებაზე - "დარწმუნებული ვარ, რომ ამას აუცილებლად გააკეთებენ". 

2023 წლის გაზაფხულის აქციებზე, როდესაც პირველად "რუსული კანონი" მიიღეს, მაშინ ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩაერთოთ პროცესებში თავდაცვის სამინისტრო, თუმცა მაშინ იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი ამას ხელს არ მოუწერდა იმიტომ, რომ ჯარის გამოყენებაზე პრეზიდენტის ნებართვა და განკარგულება არის საჭირო პარლამენტის წარდგენის საფუძველზე და სასწრაფოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაეპრინტათ გდდ-ს ფორმები და ჩაეცვათ და ასე შავად გაეყვანათ ქვედანაყოფები, თუმცა მაშინ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ამაზე უარი თქვეს და შეხვდათ ძალიან დიდი წინააღმდეგობა. სასწრაფო წესით, ეს საკითხი ისე ჩაფარცხეს, რომ საზოგადოებაში ეს თემა არ გასულიყო და არ გახმაურებულიყო.

დარწმუნებული ვარ, არაფერი შეიცვალა. ზოგადად ამ რეჟიმის ფსიქიკა რეაგირებს შიშზე, შესაბამისად ამათი შიში არის 4 ოქტომბერი და დარწმუნებული ვარ, დამიჯერეთ პანიკაში არიან, ამას შეიძლება არ იმჩნევენ, მაგრამ პანიკაში არიან და რტომ არიან პანიკაში, რა მაძლევს ამისი თქმის საფუძველს - რაც შიდა კულუარებში ხდება, როგორც ქვედანაყოფებში, როგორც მაღალი თანამდებობის პირების საუბრებში, როგორც მატ ჩატებში და დამოკიდებულებაში. 

მე მაქვს ინფორმაცია, რომ არის ასეთი დამოკიდებულება [შსს-ს თანამშრომლები უარს იტყვიან ძალის გამოყენებაზე], აგრეთვე მაქვს ინფორმაცია, რომ აქვთ ამისი მზაობა და დარწმუნებული ვარ, რომ ამას აუცილებლად გააკეთებენ და ის მოდელი, რომელსაც ესენი თვლიან გეგმა "ბ"-ს სახით, რომ დავუშვათ... შესაძლოა ჯარი არც გამოიყვანონ, ან შესაძლოა უბრალოდ კომენდანტის საათი დააწესონ, ან ა.შ.. აქამდე თუ მივიდა პროცესი, ესენი დასრულებულები არიან იმიტომ, რომ მაგას უკვე ქართველი ხალხი აღარ მისცემს უფლებას.

მეორე მხრივ თავდაცვის სამინისტრო ძალიან სენსიტიურია. ეს არ არის ქვედანაყოფები და პირადი შემადგენლობა, რომელსაც შეიძლება ისეთი დავალებები მისცე რასაც აძლევდნენ შსს-ს გდდ-ში. რადიკალურად განსხვავებული არის თავდაცვის სამინისტროს მორალი, ფსიქიკა, სწავლების დონე, სამშობლოსადმი სიყვარული და ა.შ." - განაცხადა შაიშმელაშვილმა.