ჩეხეთმა ოფიციალურ პირებს ვიზები გაუჩერა - რას ამბობენ ოპოზიციაში
ჩეხეთის მიერ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედებაზე თბილისში პირველი კომენტარები კეთდება.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, "ქართული ოცნების" საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება და ახალა ევროკავშირთან ერთად ცალკე აღებული ქვეყნებიც არ აღიარებენ "ოცნების რეჟიმს" ლეგიტიმურად.
"ლელო - ძლიერი საქართველოს წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, ივანიშვილის გუნდის ყველა წევრს "ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აუცილებლად გადაახდევინებენ პოლიტიკურ ფასს".
სანქციები ეს არის ის უმნშვნელოვანესი ბერკეტი, რომელიც მუშაობს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აუცილებლად გადაახდევინებენ პოლიტიკურ ფასს ივანიშვილის დამნაშავე, ავტოკრატიული რეჟიმის ყველა წევრს, იმის გულისთვის რომ მათ საქართველო და ქართველი ხალხი მოწყვიტეს ევროპულ ორბიტას.
რეგიონში დასაყრდენი ხდება უკვე სომხეთი და აზერბაიჯანი, ხოლო საქართველო იმის წყალობით, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს ანტიდასავლური, პრო-რუსული, პრო-ჩინური და პრო-ირანული პოლიტიკა, გახდა სამწუხაროდ უკვე აუთსაიდერი ქვეყანა," - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ "რეგიონში, სადაც ლიდერები ვიყავით, დღეს, აღარავის ვახსოვართ" და "ოცნება" თავად ცდილობს ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს.
რეგიონში, სადაც ლიდერები ვიყავით, დღეს, ჩვენ უკვე არავის აღარ ვახსოვართ იმიტომ, რომ "ოცნება" თავად ცდილობს ქვეყანა მოაქციოს იზოლაციაში, რომ შეინარჩუნოს რაც შეიძლება დიდი ხნით ზალაუფლება, მაგრამ სანქციები უნდა შეეხოს, რა თქმა უნდა, "ოცნების" მაღალჩინოსნებს, ვინც უშუალოდ და პირადად არიან პასუხისმგებელი საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დაზიანებაზე. რა თქმა უნდა, ის სიკეთე რაც არის უვიზო მიმოსვლა ქართველ ხალხს უნდა შეუნარჩუნდეს," - ამბობს გიორგი შარაშიძე.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯები დადასტურებაა საერთაშორისო იზოლაციის".
ევროპელები იქნებიან, თუ ამერიკელები ჩამოდიან კავკასიაში, აქვთ შეხვედრები ჩვენს მეზობლებთან, აზერბაიჯანელებთან და სომხებთან, მაგრამ საქართველოს არ იმჩნევენ საერთოდ, ძალიან ნათლად მიუთითებს რა საგარეო პოლიტიკას აწარმოებს "რუსული ოცნება" ამ 13 წლის განმავლობაში.
ასევე, ის ფაქტი, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ დიპლომატიური პასპორტებისთვის [უვიზო რეჟიმი] გააუქმა საქართველოში, ესეც დადასტურება არის ამ საერთაშორისო იზოლაციის," - ამბობს ანა წითლიძე.
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ნიკა ფარულავას განცხადებით, დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება ნიშნავს, რომ "სანქცირების პოლიტიკა არათუ შეჩერდა, დაპაუზდა, ან შენელდა, არამედ პირიქით კიდევ უფრო მეტად ფართოვდება".
მათი სანქცირება ნიშნავს იმას, რომ სანქცირების პოლიტიკა არათუ შეჩერდა, დაპაუზდა, ან შენელდა, არამედ პირიქით კიდევ უფრო მეტად ფართოვდება და ასევე ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირთან ერთად უკვე ცალკე აღებული ჩეხეთის სახელმწიფო არ აღიარებს "ქართულ ოცნებას" როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას, როგორც ლეგიტიმურ მთავრობას, ვინაიდან მათ ჩამოართვეს ის პრივილეგია, რომელიც აქვთ ზოგადად მთავრობის წევრებს, დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს.
ფართე სურათში ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნების" იზოლაცია გრძელდება, როგორც რეჟიმის და მეორეს მხრივ ქართველი ხალხის მხარდაჭერის პოლიტიკა კიდევ უფრო გაფართოვდება და გაძლიერდება," - განაცხადა ნიკა ფარულავამ.