"არ გვადარდებს" - "ოცნება" ჩეხეთის სანქციებზე

18.09.25 15:58
"არ გვადარდებს" - "ოცნება" ჩეხეთის სანქციებზე

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსის კავკასიაში ვიზიტის შესახებ საუბრობენ და ევროპელ დიპლომატებს კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან. 

  • ევროკომისარი მარტა კოსი კავკასიაში ვიზიტს გეგმავს, თუმცა ის საქართველოში არ ჩამოვა. 

ივანიშვილის გუნდის წევრი, კახა კალაძე აცხადებს, რომ რაც უფრო შორს იქნებიან ევროპელი ბიუროკრატები, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. 

რაც უფრო შორს იქნებიან, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის. რაც უფრო შორს იქნებიან, ამ ტიპის ბიუროკრატები, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის," - ამბობს კახა კალაძე. 

"ქართული ოცნების" წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ევრობიუროკრატები საქართველოში ჩამოსვლას თავს არიდებენ - "ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც თავის მიზნებისთვის ვერ გამოიყენეს საქართველო, სწორედ აქედან იწყება ყველაზე დიდი ქარტეხილები". 

წარმოუდგენელია, რომ დაერქვას კავკასიაში და სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი და საქართველოში, როგორც ამ რეგიონის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელში არ ჩახვიდა და არ გქონდეს შეხვედრები. თუმცა ეს თავისთავად იმ კონკრეტული ევრობიუროკრატების გადასაწყვეტი არის, რა არის მათი მიზნები, ამ ვიზიტების დროს ალბათ ეს არის მნშვნელოვანი და რადგან ისინი საქართველოში არიდებენ თავს ჩამოსვლას, ალბათ, კარგად ხვდებიან, რომ ის დავალება, რომელიც შეიძლება ადრე გვაძლევდნენ და ჩვენ ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად არ ვასრულებდით, ახლაც მათი მხრიდან აქტუალური იყოს. 

მე ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც თავის მიზნებისთვის ვერ გამოიყენეს საქართველო, სწორედ აქედან იწყება ყველაზე დიდი ქარტეხილები," - განაცხადა ნინო წილოსანმა. 

"ოცნების" წარმომადგენლებმა ჩეხეთის მიერ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედებაზეც ისაუბრეს. თენგიზ შარმანაშვილი განმარტავს, რომ თუ დასჭირდებატ ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტი საელჩოს ვიზის ასაღებად მიაკითხავენ, თუ არადა არ ადარდებთ. 

ისინი რას ამბობენ, რომ ოფიციალური დელეგაცია თუ ჩავა იქ, ანუ როდესაც როგორც კერძო პირი ისე კი არ მიდიხარ ჩეხეთში, არამედ როგორც ოფიციალური პირი, ასეთ შემთხვევაში მომაკითხე მე, რომ ჩაგირტყა ვიზაო. 

თუ ჩვენ, ოფიციალურად, ვინმეს მოგვიწევს წასვლა და ეს საქართველოს ინტერესების შესაბამისი იქნება და დაგვჭირდება მივაკითხავთ. თუ არადა არ გვადარდებს. 

სანქცია არის, რომ საერთოდ არ გიშვებს, ის ამას არ ამბობს, ის ამბობს, რომ ოფიციალურად ჩემთან ჩამოსვლაც კი ჩემი თანხმობის გარეშე არ იქნება," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.