თავდასხმა ბრიუსელში ვიზიტის გამო - ვინ რა თქვა “ლელოს“ ბელგიის დედაქალაქში შეხვედრების გამო

18.09.25 20:56
თავდასხმა ბრიუსელში ვიზიტის გამო - ვინ რა თქვა “ლელოს“ ბელგიის დედაქალაქში შეხვედრების გამო

თავდასხმა ბრიუსელში ვიზიტის გამო - დღეს "ოცნების" სამიზნე "ძლიერი საქართველოს" ლიდერები გახდნენ, რომლებიც ბელგიის დედაქალაქში შეხვედრებს მართავენ. 

მმართველ გუნდში დილიდან ამტკიცებენ, რომ “ლელოს“ ლიდერები დასავლეთში კონკრტული დირექტივების მისაღებად  ჩავიდნენ, საქართველოში დესტაბილიზაციისა და არეულობის მიზნით.   

მერე რომ ვამბობთ, რომ ისინი უცხოურ ინტერესებს ატარებენ, უკვირთ. არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა, ამ დროს, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია. თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, ვის ინტერესებს ატარებენ ეს ადამიანები და ვის ინტერესებს და მხარდაჭერას  ეყრდნობიან ეს ადამიანები. ეს არ არის ქართველი ხალხი, ესენი არიან ბიუროკრატები სხვადასხვა დედაქალაქში  და ამიტომ აგებენ. როდესაც შენ ორიენტირებული ხარ არა საკუთარ მოსახლეობაზე, საკუთარ ხალხზე, არამედ ვიღაც ჩინოვნიკებზე ამა თუ იმ კაბინეტში, ამა თუ იმ დედაქალაქში, რა თქმა უნდა, ყველა არჩევნებს და ყველანაირ ქუჩას წააგებ“- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძეს არც თბილისის მერობის კანდიდატი ჩამორჩა და ოპოზიციონერი ლიდერები მანაც დაადანაშაულა.

არ ვიცი მათი მიზნები, საქართველოს სასიკეთოდ რომ არ მიდიან, ეს ცხადია. ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ქართველებს შეეზღუდოთ უვიზოდ გადაადგილება ევროპულ ქვეყნებში. არაერთი განცხადება გაკეთდა, მოწოდებებსაც კი აკეთებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ, რომ ეს შესაძლებლობა ჩამოგვართვან. მანამდე გახსოვთ, როდესაც კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების თემა იყო, კაბინეტებში დარბოდნენ და მცდელობა ჰქონდათ, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ეს არის ჩვეულებრივი აგენტურული ქსელი, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის ბედი, არ აინტერესებთ არც მომავალი, ისინი იკვებებიან გარედან და ჰყავთ თავიანთი პატრონები და ასრულებენ მათ დავალებებს“,-განაცხადა კალაძემ.

"ოცნების" პირველი პირების იერიშს მამუკა ხაზარაძემ ბრიუსელიდან უპასუხა:

ეს ვიზიტი ემსახურება იმას, რომ ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც ამ არაჩვეულებრივ ქალაქშია, გადმოვიტანოთ თბილისში. ეს ეხება ისტორიული ცენტრის აღდგენას, ეს ეხება სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას. სამარცხვინოა ის ე.წ. ხელისუფლება, მთავრობა, კობახიძე იქნება ეს, თუ ქალაქის ახლანდელი მერი, კალაძე და მისი რიტირიკა. მიმაჩნია, რომ მათთვის პასუხის გაცემაც კი არ არის საჭირო, მაგრამ ახლა უნდა ვთქვა, რომ რუსულ დავალებას ასრულებს რუსული "ოცნება" მათი ეს კრიმინალური გაერთიანება.