თინა ბოკუჩავა, პარტიის ლიდერებთან ერთად, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯიმ რიშს შეხვდა

19.09.25 10:44
თინა ბოკუჩავა, პარტიის ლიდერებთან ერთად, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯიმ რიშს შეხვდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები აგრძელებენ შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატში. ენმ-ის პრესსამსახურის ცნობით, პარტიის ლიდერები სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე სენატორ ჯიმ რიშსა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის სენატორ ვიკერის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

განცხადების თანახმად, "სენატორებთან საუბრისას განიხილება საქართველო-აშშ-ს პარტნიორობის საკითხი, ივანიშვილის რეჟიმის კავშირები კრემლთან, ჩინეთთან და ირანთან. საუბარი შეეხო პოლიტიკური პატიმრების საკითხს".

დღეს შევხვდით სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ჯიმ რიშს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სენატორია, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაახლოებული პირია, ის ასევე არის საქართველოს დიდი მეგობარი და არის საკვანძო ფიგურა „მეგობარი აქტის“  გატანაში აშშ-ის სენატში. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში იყო აღნიშნული და ამაზე თანხმდება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანო აშშ-ში, შეუძლებელია აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვა მანამ, სანამ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები და სანამ ივანიშვილის რეჟიმი იღებს ავტოკრატიულ გადაწყვეტილებებს. აშშ საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვისთვის და აღდგენისთვის აუცილებელია რეჟიმის ცვლილება და ჩვენ საგარეო წნეხით და ჩვენი ბრძოლით ქვეყნის შიგნით ამ ცვლილებას აუცილებლად მოვიპოვებთ, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.