სანიკიძე: ივანიშვილის მცდელობა, საქართველო აშშ-ის რადარიდან გააქროს, წარუმატებელია

19.09.25 10:51
სანიკიძე: ივანიშვილის მცდელობა, საქართველო აშშ-ის რადარიდან გააქროს, წარუმატებელია

„ვაშინგტონში ჩვენი შეხვედრები ადასტურებს, რომ სამხრეთ კავკასიაზე ინტერესი გაიზარდა – ივანიშვილის მცდელობა, საქართველო ამერიკის რადარიდან გააქროს, არასდროს გამოუვა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან სანიკიძე საუბრობს. 

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ სენატში უკვე გამართა არაერთი საკვანძო შეხვედრა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონს და საქართველოს სტრატეგიულ როლს. სანიკიძის შეფასებით, ამერიკელი პარტნიორების მზარდი მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ქართული საზოგადოების, ისე მთლიანად დემოკრატიული სამყაროსთვის.

მან ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილის ირანულ და ჩინურ კავშირებზე ინფორმაცია უკვე მიწოდებულია და ეს პროცესიც სულ მალე კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს „ივანიშვილის კრიმინალური რუსული რეჟიმის დასრულებას“.

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვაქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციას ვაშინგტონში. დღეს სენატში არაერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო შეხვედრა გავმართეთ. ძალიან გაზრდილია ინტერესი სამხრეთ კავკასიაზე მას შემდეგ, რაც 47-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უმნიშვნელოვანესი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ კარგად ვხედავთ მათ მხარდაჭერას და თანადგომას ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, რომელიც ჩვენი ხალხისთვის და მთლიანად დემოკრატიული საზოგადოებისთვის არის კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელი. ივანიშვილი რამდენადაც არ უნდა ეცადოს აშშ-ის რადარიდან საქართველოს გაქრობას, ეს უბრალოდ შეუძლებელია, პირიქით, იზრდება ყურადღება შავი ზღვის საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები არიან და კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას ვაწვდით ივანიშვილის ირანულ და ჩინურ კავშირებთან დაკავშირებით, რაც დარწმუნებული ვარ, სულ მალე დამატებით შედეგს გამოიღებს ივანიშვილის კრიმინალური რუსული რეჟიმის დასრულებაში, - განაცხად ლევან სანიკიძემ.