TI: „ოცნება“ სანქციების საფრთხის გამო ბიზნესმენებს დასავლეთში ლობირებას ავალებს

19.09.25 11:23
TI: „ოცნება“ სანქციების საფრთხის გამო ბიზნესმენებს დასავლეთში ლობირებას ავალებს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის პარტია ცდილობს საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნებას, რომ მისი შესაძლო სანქცირება ქვეყნის ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს. ლობისტურ მცდელობებში კი „ქართული ოცნების“ ლიდერის უახლოესი ბიზნესმენები არიან ჩართულები. 

როგორც „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ აცხადებს, მსხვილი ბიზნესმენები სხვადასხვა ქვეყნებში გადაადგილდებიან, რათა მოკავშირეები მოიძიონ და ივანიშვილისთვის გარანტიების შექმნას მიაღწიონ.

არასამთავრობო ორგანოზაციის ხელმძღვანელის თქმით, ჯერჯერობით უცნობია ვინ არიან აღნიშნული ბიზნესმენები, თუმცა მათი სახელები და გვარები დროთა განმავლობაში აუცილებლად ცნობილი გახდება. 

"ქართული ოცნება" ცდილობს ყველანაირად იმას, რომ მაღაჩინოსნები და ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში და კორუფციაში, რომ მათი სანქცირება არ მოხდეს. ერთის მხრივ, ისინი იყენებენ, რა თქმა უნდა, დიპლომატიურ კორპუსს და მეორეს ხრივ, დიდ ბიზნესმენებს, კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დადიან დასავლეთში და ხვდებიან მაღალჩინოსნებს და საუბრობენ იმაზე, რომ ძალიან დიდი პრობლემა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი დასანქცირდება ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, პრობლეა შეექმნება ქართულ ეკონომიკას. ეს არის უკვე ის, რაზეც საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, - ამბობს ეკა გიგაური. 

ის, რომ "ქართული ოცნებისთვის" ლობისტური საქმიანობა ვერ ჭრის, ამის დასტური ექსპერტებისთვის "ფარაზე" გამოქვეყნებული ბოლო, აგვისტოს მონაცემებია, სადაც აღწერილია კომპანია "მერკურის" მუშაობის შედეგები.

მათივე თქმით, დოკუმენტი ცხადყოფს, რომ მცდელობის მიუხედავად, "ოცნებამ" საშუალო დონეზეც კი ვერ მოახერხა შეხვედრის ორგანიზება.

"ფარას" დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ წარუმატებელი მცდელობების მიუხედავად, კონტრაქტი გრძელდება და "ქართული ოცნება" 10 ათასობით დოლარს კომპანიას ისევ უხდის.

ოპონენტების შეფასებით, ეს მცდელობა პირდაპირ მიანიშნებს ხელისუფლების შიშზე პოლიტიკური იზოლაციისა და სანქციების პერსპექტივის მიმართ.