მერიამ პარკინგის ჯარიმებით 130 მლნ ამოიღო, მაგრამ არცერთი სადგომი არ ააშენა - ელისაშვილი

19.09.25 14:23
მერიამ პარკინგის ჯარიმებით 130 მლნ ამოიღო, მაგრამ არცერთი სადგომი არ ააშენა - ელისაშვილი

თბილისში საპარკინგე სივრცეების არარსებობაზე ისაუბრა დღეს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საგანგებო ბრიფინგზე კახა კალაძის მიერ გაცემული დაპირებები გაიხსენა, რომელიც მიწისზედა და მიწისქვეშა სადგომების აშენებას გულისხმობდა, თუმცა, მისი თქმით, ეს დაპირებაც შეუსრულებელი დარჩა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, 2018 წლიდან დღემდე მერიამ საპარკინგე ჯარიმებით მოქალაქეების ჯიბიდან 130 მლნ ლარი ამოიღო, თუმცა ეს თანხა ახალი საპარკინგე სივრცეების ასაშენებლად არ გამოუყენებია.

პარკინგი და მანქანის გაჩერება თბილისში რომ წყევლაა, მგონი, ყველა მძღოლმა იცის. ვერსად ვერ აჩერებ მანქანას, სადმე ოდნავ თუ ერთი ბორბლით დააყენე ტროტუარზე, იმ წამს მოდის უზარმაზარი ჯარიმა ან გადაჰყავთ. ეს ჯარიმები გაიზარდა კატასტროფულად, არადა, მოდი, გავიხსენოთ, რა გვეუბნებოდა კალაძე 8 წლის წინ, როცა პირველად იყრიდა კენჭს. გვეუბნებოდა, რომ თბილისში აშენდებოდა 10 ლოკაციაზე მიწის ქვეშა და მიწის ზედა მუნიციპალური საპარკინგე სადგომები და მერად რომ აირჩიეს, ტენდერიც გამოაცხადა. მანახოს ვინმემ, სად არის ეს მუნიციპალური, ან მიწის ქვეშა, ან მიწის ზედა, რავიცი, ან წყალქვეშა, ან მთვარეზე სადგომები. არაფერი გაუკეთებია. სამაგიეროდ, რა გააკეთა? თუ პარკინგის ჯარიმა იყო 10 ლარი, გახდა 50 ლარი 2022 წლიდან კალაძის გადაწყვეტილებით. თუ გადაყვანილი მანქანის სასაბრუნებლადსითი პარკს ვუხდიდით 60 ლარს, ახლა მერიას ვუხდით 200 ლარს და ა.შ. ჯამში, 2018 წლიდან დღემდე მერიამ ჩვენი ჯიბეებიდან პარკინის სხვადასხვა ჯარიმის სახით ამოიღო 130 მლნ ლარი. რას მოხმარდა ეს ფული? აბა, ვიფიქროთ, სადმე აშენდა საპარკინგე სივრცეები? ერთადერთი, ყიდულობენ საღებავს და ტყიპნიან ქუჩას და ხაზავენ საპარკინგე ადგილებს. არცერთი მუნიციპალური სადგომი არ აშენებულა, მაგრამ, სამაგიეროდ, ეს 130 მლნ მოხმარდა ლამბორჯინების და ფერარების ყიდვას და ჩინოვნიკების ჯიბეების გასქელებას, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.