"არა რუსულ რეჟიმს - აფხაზეთი საქართველოა" - 27 სექტემბერს დევნილების აქცია გაიმართება
27 სექტემბერს, 19:00 საათზე, გმირთა მემორიალთან, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დევნილებმა აქცია დააანონსეს.
„27 სექტემბერი არა სოხუმის დაცემის, არამედ სოხუმის დაპყრობის დღეა. მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთს ნდობა გამოუცხადა, მშვიდობისმყოფელის სტატუსი მიანიჭა და ქართული ჯარი, რომელიც აფხაზეთს იცავდა, განაიარაღა. ეს დღე გვახსენებს, თუ რას ნიშნავს რუსეთის იმედად მშვიდობა. რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენილებს მოსკოვმა გენოციდი და ეთნიკური წმენდა მოგვიწყო. რუსეთის აგრესიას ეთნოკონფლიქტი დაერქვა, ხოლო საოკუპაციო ჯარს სამშვიდობო ჯარების სტატუსი მიენიჭა. 32 წელია, ასობით ათასი ქართველი დევნილობაში ვცხოვრობთ, ხოლო გალში დარჩენილები მკვლელობების, ძალადობის, დამცირების პირობებში არსებობენ.
32 წელია, საკუთარ წარმომადგენლებსაც ვერ ვირჩევთ.
იგივე მოგველის მთელ ქართველ ერს, თუ ამ რეჟიმს არ შევცვლით და ჩვენს ისტორიულ გზას და ბუნებრივ წიაღს, დასავლურ, ევროპულ ცივილიზაციას არ დავუბრუნდებით. ჩვენ მიერ გაღებული მსხვერპლის ხსოვნა გვავალდებულებს, შევცვალოთ რეჟიმი, რომელიც მშვიდობის სახელით რუსულ საქმეს აკეთებს, რუსეთის პირისპირ კვლავ მარტო გვტოვებს და ამით კიდევ უფრო გვიზრდის შემდგომი აგრესიის საფრთხეს.
27 სექტემბერს, 19:00 საათზე აფხაზეთიდან დევნილები, ქართული საზოგადოება ვიკრიბებით გმირთა მოედანზე, მემორიალთან და მსვლელობით გავემართებით პარლამენტისკენ, სადაც გავიხსენებთ იმ მსხვერპლს, რომელიც საქართველომ თავისუფლებისთვის გაიღო.
არა რუსულ რეჟიმს. აფხაზეთი საქართველოა" - თქვა მოძრაობა „აფხაზთა კრების" თავმჯდომარე მალხაზ პატარაიამ.