ოთარ ფარცხალაძეს და ლევან ვასაძეს ბრიტანეთმა სანქციები დაადო
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე [რომანოვი] კიდევ ერთმა ქვეყანამ დაასანქცირა. "მაგნიტსკის სიაში" მყოფ "ქართული ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსანს შეზღუდვები დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა.
სანქცირებულია ბიზნესმენი, ლევან ვასაძეც. როგორც ოფიციალურ განმარტებაში ვკითხულობთ, ვასაძე და ფარცხალაძე გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის დაასანქცირა.
"ჩვენ კიდევ ერთ საარსებო წყაროს ვჭრით საქართველოში იმ ადამიანების მიზანში ამოღებითა და შეკავებით, რომლებიც უკრაინაში პუტინის უკანონო ომს დახმარებას უწევენ." - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთიმ.
- სანქცირებულ ფარცხალაძესა და ვასაძეს გაეყინათ ფინანსური აქტივები ბრიტანეთში და აეკრძალათ ქვეყანაში შესვლა.
ლევან ვასაძე სანქცირებულია შემდეგი საფუძვლით:
- ნებისმიერი ისეთი პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერა ან ხელშეწყობა, რომელიც იწვევს უკრაინის დესტაბილიზაციას ან საფრთეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.
ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საფუძვლი ასეთია:
- იღებდა ან იღებს სარგებელს რუსეთის მთავრობისგან ან მხარს უჭერს მას „მოსკოვის ბიზნეს საბროკერო კომპანიის“ დირექტორად მუშაობით. ეს კომპანია საქმიანობს რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში, კერძოდ, ფინანსური მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებში.
ეს ყველაფერი არ არის, რამდენიმე წუთის წინ, ბრიტანეთის საელჩომ თბილისში დაწერა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული აქტორები, ეკონომიურად და იდეოლოგიურად მხარს უჭერენ კრემლს.
განცხადების თანახმად, სანქციების პაკეტის მიზანია, მათი საქმიანობის გამოაშკარავება და სხვა მსგავსი აქტორების შეკავება.
ამასთან ირკვევა, ისიც რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულია ორი ნავთობმზიდი გემიც, რომლებმაც "ჩრდილოვანი ფლოტის" ფარგლებში რუსული ნავთობი ქალაქ ბათუმის პორტში შეიტანეს.
“ჩრდილოვანი ფლოტი”– მოძველებული და სახიფათო ხომალდებია, რომლებსაც კრემლი იყენებს რათა შეინარჩუნოს ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავალი, რაც არის რუსეთის მთავარი წყარო უკრაინაში უკანონო ომის დასაფინანსებლად. სანქციების ამ პაკეტში შესულ 2 გემს აეკრძალებათ დიდი ბრიტანეთის პორტებში შესვლა და არ მიეცემათ წვდომა გაერთიანებული სამეფოს გემების სარეგისტრაციო სისტემაზე"- წერს საელჩო.
საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში განმარტებულია, რომ "ქართველი პოლიტიკოსი და მედია მფლობელი ლევან ვასაძე დასანქცირდა საკუთარი პლატფორმებზე პრო-რუსული დეზინფომაციის გავრცელებისთვის".
რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, საელჩო პირდაპირ წერს, რომ ამ უკანასკნელს მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთთან და ქართული ოცნების მმართველ შტოსთან.
ეს მოქმედებები მოყვა 2024 წელს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესებას, რაც გამოწვეული იქნა მმართველი პოლიტიკური პარტიის, ქართული ოცნების, მოქმედებების შედეგად, კერძოდ კი კრემლის მიერ მიღებული კანონების მსგავსი საკანონმდებლო ცვლილელების შემოღებით, სამოქალაქო საზოგადოების დევნითა და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით"- წერია ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.