ვინ მფარველობდა სიგარეტის იატაკქვეშა ბიზნესს - ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ კვალი ბურჭულაძემდე მივიდეს

21.09.25 13:36
ვინ მფარველობდა სიგარეტის იატაკქვეშა ბიზნესს - ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ კვალი ბურჭულაძემდე მივიდეს

ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ სიგარეტის „იატაკქვეშა“ ბიზნესის კვალი შეიძლება პირდაპირ ჯუანშერ ბურჭულაძესთან მივიდეს. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრის, ბესიკ დონაძის თქმით, კომპანია „გორი ესთეითი“ ქონებას იმავე მისამართზე ფლობს, სადაც საფინანსო-საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინა. მისი თქმით, ბურჭულაძე თავად მუშაობდა ამ კომპანიაში, რაც მათ კავშირებს დოკუმენტურად ადასტურებს.

"გორი ესთეითი" ფლობს მიწის ნაკვეთს ზუსტად იმ მისამართზე, რა მისამართზეც ახლა, ამ წუთას აქვს საფინანსო საგამოძიებო სამსახურს დალაგებული და "დაპატიმრებული" სიგარეტები. აქ "გორი ესთეითი" ფლობს 7 ათას კვ. მიწის ნაკვეთს და 3 ათას კვ. შენობა ნაგებობას. შესაბამისად, საფინანსო საგამოძიებო სამსახურს ძალიან თავისუფლად შეუძლია ბურჭულაძისა და "გორი ესთეითის" კავშირების დადგენა, იმიტომ, რომ ბურჭულაძე თანამშრომელი იყო ამ კომპანიაში, შესაბამისად, მათი კავშირები უკვე დოკუმენტურად დადასტურებულია. ასევე არსებობენ მოწმეები, რომლებიც ასახელებენ, რომ "გორი ესთეითი" იყო მწარმოებელი ერთ-ერთი ან მის შენობაში იყო განლაგებული, იმიტომ, რომ დაკითხვებში ამ კომპანიის სახელწოდება ფიგურირებს, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დაკავებულ ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრს, ნუგზარ ცაბაურაშვილს, მარიამ არჩევაშვილსა და  ვიქტორ აბაიმოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ყველა მათგანს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებას და შენახვას ედავება. 

პროცესზე ჯუანშერ ბურჭულაძის დაცვის წევრმა ხელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს დაადო. სასამართლო პროცესზე მან თქვა, რომ გორში მდებარე საწარმოს სწორედ მხეიძე კურირებდა. მისივე თქმით, ვასილ მხეიძის ბრძანებით ის საწარმოში არავის უშვებდა.