"პროპაგანდის მეგაფონი" ტელეკომპანია „იმედი“ ლონდონიდან იმართება - The Guardian
"პროპაგანდის მეგაფონად“ წოდებული ქართული მაუწყებლის მფლობელი ლონდონში ცხოვრობს - სტატია ამ სათაურით The Guardian-მა გამოაქვეყნა. ტელეკომპანია "იმედი" და მისი მფლობელი ირაკლი რუხაძე ბრიტანულ მედიაში მოხსენიებულია ბოროტმოქმედ მოთამაშედ - კრემლის სტილის დეზინფორაციიის გამტარებელ ძალად, რომელიც ანტიდასავლურ რიტორიკას ავრცელებს და ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას.
სტატიის ავტორი მკითხველს უყვება სახელისუფლებო არხის ტყუილზე დაფუძნებულ რეპორტაჟებზეც, რომელიც ელჩებს, ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს ეხება.
ლონდონის ცენტრში, ბელგრეივიას პონტის ქუჩაზე, ელეგანტური ედვარდიანული სახლის პირველ სართულზე, სადაც ქვემოთ ღვინის მაღაზია Jeroboams-ის მწვანე ტენტია, მდებარეობს ოფისი. გარედან იდენტიფიცირება თითქმის შეუძლებელია – მხოლოდ პატარა წარწერაა ზარზე. ამ კვირაში კარზე ზარის დარეკვისას არავინ გამოვიდა.
ეს არის Hunnewell Partners-ის რეგისტრირებული ოფისი, რომელიც საკუთარ თავს „მეწარმეობრივ კერძო ინვესტიციებისა და ლიტიგაციის დაფინანსების ფირმად“ აღწერს.
კომპანია ასევე არის ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი – მაუწყებლისა, რომელსაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის დეზინფორმაციის მონიტორინგის განყოფილება „საქართველოს ევროკავშირისაკენ მისწრაფებების დამანგრეველ პროპაგანდის მეგაფონად“ მოიხსენიებს. მათივე შეფასებით, „იმედი“ მმართველი პარტიის ყველაზე ძლიერი პროპაგანდისტული მანქანაა, რომელიც დაჟინებით ავრცელებს ანტიდასავლურ რიტორიკას და იმეორებს კრემლის სტილის დეზინფორმაციას, - წერს გარდიანი.