ყაველაშვილი გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლისთვის ემზადება - რა აქვს სათქმელი "ოცნების" პრეზიდენტს

22.09.25 11:48
ყაველაშვილი გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლისთვის ემზადება - რა აქვს სათქმელი "ოცნების" პრეზიდენტს

მიხეილ ყაველაშვილი უკვე აშშ-შია და გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლისთვის ემზადება. მმართველ გუნდში დეტალებზე არ საუბრობენ და მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ სიტყვით გამოსვლის ნაწილი ოკუპაციის თემას დაეთმობა.

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ყაველაშვილის გამოსვლა საქართველოსთვის სამარცხვინო ფაქტი იქნება. „ძლიერი საქართველოს“ წევრის, თამაზ დათუნაშვილის თქმით, გაეროს ტრიბუნას ბევრი აბსურდი უნახავს, მაგრამ პირველად წარდგება ადამიანი, რომელსაც არც განათლება, არც ელემენტარული ცოდნა, არც ენობრივი უნარები გააჩნია და საკუთარ ენაზეც კი სუფლიორიდან უწევს კითხვა.

ძალიან ბევრი საზიზღრობა უნახავს გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლეს ტრიბუნას, რომლიდანაც კადაფი გამოსულა და წარუდგენია თავისი სიტყვა. ხრუშოვს ფეხსაცმელი უკაკუნებია ამ ტრიბუნისთვის, მაგრამ ალბათ პირველი შემთხვევა იქნება, რომ ამ ტრიბუნაზე იდგება კაცი, რომელსაც არც განათლება აქვს, არც ლაპარაკი იცის, არცერთი ენა არ იცის და ფუნდამენტური პრობლემა აქვს, რომ თავის მშობლიურ ენაზე სუფლიორიდან წაიკითხოს, იმიტომ, რომ წერა-კითხვის უცოდინარია, ამიტომ ძალიან მძიმე  დღე უდგას საქართველოს, ვაი, საქართველოვ, რა დღეში ხარ, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი. 

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ასევე ენმ-ს წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა. მისი თქმით, ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლები მსგავს საერთაშორისო ტრიბუნებს სისტემატურად იყენებენ ან კრემლის პროპაგანდის გასავრცელებლად, ან სრულიად არაფრის მომცემ, შაბლონურ გამოსვლებად. ფავლენიშვილის განცხადებით, ყაველაშვილის გამოსვლა, დიდი ალბათობით, იქნება მიქსი რუსული იმპერიალისტური ნარატივებისა და არაფრისმთქმელი ფრაზების.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ კობახიძის წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, "ოცნებაში" ალბათ აღარ მოიძებნა სხვა მსურველი და სწორედ ამიტომ დაეკისრა ეს პასუხისმგებლობა ყაველაშვილს. 

გაეროში მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ასეთ ფორუმებს, ასეთ საერთაშორისო ტრიბუნას ივანიშვილის ბანდის წევრები იყენებენ ან პროპაგანდისტული რუსული ნარატივების გასავრცელებლად და იყენებენ ხოლმე ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად კრემლის ხელში, ან გვქონდა ხოლმე საქმე ძალიან შაბლონურ, არაფრის მომცემ ტექსტებთან, რომლის შინაარსსაც კი ვერ გაიგებდა თავად მსურველიც. არ ვიცი ყაველაშვილის განცხადება რა მესიჯების შემცველი იქნება, ალბათ იქნება მიქსი კრემლის იმპერიალისტური ნარატივების და შაბლონური არაფრის მომცემი ფრაზებით. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ალბათ კობახიძის წინა კრახის შემდეგ არც სურდა ალბათ წასვლა, ამიტომაც დაეკისრა ეს ფუნქცია ყაველაშვილს, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე გაეროს ტრუბინაზე სიტყვით პრემიერი გამოდიოდა ხოლმე, თუმცა წელს ტრადიცია შეცვალეს და აშშ-ში მიხეილ ყაველაშვილი გააგზავნეს.  

მსგავსი სიახლეები