ემზადება თუ არა "ოცნება" ირაკლი ქარსელაძის დასაკავებლად - რას ამბობს კობახიძე
ემზადება თუ არა "ქართული ოცნება" ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის დასაკავებლად - დღეს ეს კითხვა "პირველებმა" ირაკლი კობახიძეს დაუსვა.
"ოცნების" ლიდერი ჟურნალისტებს პროკურატურაში ამისამართებს და ირწმუნება, რომ დაკავებებს საქართველოს მთავრობა არ წყვეტს.
რაც შეეხება ადამიანის დაჭერას, ეს არ არის საქართველოს მთავრობის პრეროგატივა, ეს არის სამართადლამცავი სტრუქტურების პრეროგატივა. თუ რაიმე კითხვები გექნებათ თქვენ კონკრეტულ სისხლის სამართლის სამქეებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის სამსახურებს"- განაცხადა კობახიძემ.
"პირველების" დამაზუსტებელ კითხვაზე, აქვს თუ არა ეჭვი რომ ირაკლი ქარსელაძე კორუფციაში იყო ჩაფლული, კობახიძე ასე პასუხობს: "მე ვერავისზე ვერავითარი ეჭვი ვერ მექნება, ეჭვები შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ გამოძიებას"
- „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეისწავლის ყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის საქმიანობას. სუს-ში უკვე დევს სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნა, სადაც სავარაუდო კორუფციული ნიშნებია დაფიქსირებული.
დღეს კობახიძემ ისაუბრა კორუფციაზეც და კამერების წინ ამტკიცებდა, რომ ამ მიმართულებით "ოცნება" პრევენციულად მომქედებს.
შარშანდელი წელი იყო საკმაოდ რთული, მათ შორის, საარჩევნო წელი იყო, გვქონდა უამრავი გამოწვევა, გარედან ხელოვნურად შექმნილი პრობლემები, გვქონდა საკადრო მიმართულებითაც გარკვეული ხარვეზები და ეს ყველაფერი დავალაგეთ. შარშანდელი წელი გავიარეთ წარმატებით, რთულად, მაგრამ წარმატებით და ამან მოგვცა იმის საშუალება, რომ წელს ძალიან ბევრი რამ გადაგველაგებინა. მათ შორის, საკადრო კუთხით მე შეგახსენებთ, რომ არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების მიმართულებით და ამ საკადრო ცვლილებებმაც მოგვცა საშუალება, რომ გამოგვევლინა არაერთი კორუფციული შემთხვევა.
ჩვენი მიზანი მხოლოდ ის არ არის, რომ წარსულში ჩადენილი კორუფციული დანაშაულები გამოვავლინოთ, ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ აწმყოსა და მომავალში არ დავუშვათ მსგავსი ფაქტები, ამისათვის მობილიზებულია ყველა სტრუქტურა, მათ შორის, სამართალდამცავი სტრუქტურები - შსს, ფინანსური პოლიცია, პროკურატურა და ა.შ." - განაცხადა კობახიძემ.