რა მისია აქვს გომელაურს - რას ამბობენ "ოცნებაში"?
"ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პოლიტიკურ გუნდში არავითარი ფუნქცია არ გააჩნია.
- რა ფუნქცია აქვს ვახტანგ გომელაურს პარტიაში და დააკისრეს თუ არა მას რეალურად მაკონტროლებლის ფუნქცია? ამ კითხვით "პირველემა" "ქართული ოცნების" წევრებს ეკა ბესელიას სკანდალური განცხადების შემდეგ მიმართა.
"ოცნების" პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გომელაურმა გუნდი თავისი გადაწყვეტილებით დატოვა და ის არანაირი ფორმით არ არის პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში ჩართული.
ჭორაობაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ვახტანგ გომელაურს დღეს არავითარი ფუნქცია არ აქვს პოლიტიკურ გუნდში. როგორც მოგეხსენებათ, მან მიიღო გადაწყვეტილება გუნდის დატოვების თაობაზე, შესაბამისად ის არავითარი ფორმით არ არის ჩართული, არც პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში და არც ხელისუფლების საქმიანობაში," - განაცხადა კობახიძემ.
"ქართული ოცნების" წევრი, გია ვოსკი აღნიშნავს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი მამუკა მდინარაძეს არ ენდობა, მაშნ ის სუს-ის უფროსად არც დაინიშნებოდა.
თუ არ ენდობა მაშინ არ იქნებოდა მამუკა მდინარაძე იმ პოზიციაზე , რომელზეც არის იმიტომ, რომ მამუკა მდინარაძის იმ პოზიციაზე გადაყვანა სრული კონსენსუსით მოხდა და რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილი არის ავტორიტეტი, რომელმაც თავისი სიტყვა ამ შემთხვევაში თქვა," - ამბობს ვოლსკი.
სკანდალური განცხადება გააკეთა ეკა ბესელიამ "ტვ პირველის" ეთერში: მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი უსაფრთხოების სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს, ბოლომდე არ ენდობა და მის მაკონტროლებლად ვახტანგ გომელაური მიუჩინა.
ბესელიას ინფორმაციით, ყოფილი შს მინისტრი გომელაური "ქართულ ოცნებას" ოფიციალურად "მიამაგრეს". ამასთან, სწორედ ამის დასტურად გავრცელდა ფოტო, რომელშიც გომელაური მდინარაძესთან ერთად ჩანს.