ვინ ანიავებდა ხალხის ფულს - ვისთან მივა გამოძიება
სამინისტროდან დახარჯულ დიდ ფულზე და შეუსრულებელ პროექტებზე პასუხების გაცემა საგამოძიებო უწყებისთვის ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს მოუწევს. დღეს, კობახიძემ დაკავებების ახალი სერია არ გამორიცხა, თუმცა კითხვას ისევ ეძებენ თუ არა დაკარგულ ფულს არ უპასუხა.
ანტიკორუფციულ სააგენტოში უკვე დევს შიდა აუდიტის დასკვნა, რომელშიც ირაკლი ქარსელაძის მინისტრობისას ინფრასტრუქტურაში ტენდერებია თავმოყრილი. შაბათის ეთერს უწყების მოქმედმა შეფმა დაუდასტურა, რომ შიდა აუდიტმა შემოწმების დროს რაც იპოვა საეჭვო იყო და გამოსაძიებლად გადაიყვანა. ეკონომიკის და თავდაცვის სამინისტროებში კორუფციის აღიარების შემდეგ, ამჯერად გასკდება თუ არა კიდევ ერთ სამინსიტროში ფულის კეთების სკანდალი, ეს წესით რამდენიმე კვირაში უნდა გახდეს ცნობილი.
სად იყვნენ აქამდე? - ახლა აღმოაჩინეს, რომ "ოცნების" ჩინოვნიკები ფულს აკეთებდნენ ეკონომიკის სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, როგორც ჩანს ინფრასტრუქტურაშიც. კობახიძე, დღეს, თავს იმართლებდა და თან იმუქრებოდა, რომ ვინც მოიპარა, ფულის დახარჯვას მშვიდად ვერ მოახერხებს.
ირაკლი ქარსელაძე ექსპრემიერი ღარიბაშვილის გუნდის წევრად ითვლება. ირკვევა, რომ გამოძიება მხოლოდ მისით არ დაინტერესებულა. უკვე არაერთი ჩინოვნიკია გამოკითხული და მათ შორის, სავარაუდოდ, ჯანდაცვის ექსმინისტრი ზურაბ აზარაშვილი და ღარიბაშვილის გარემოცვის სხვა წევრები.
თუ "ქართულ ოცნებას" კორუფციასთან ბრძოლა უნდოდა ამისთვის დიდი დროც ჰქონდათ. წლებია ბიუჯეტიდან დიდი ფული იჭრება. მხოლოდ ინფრასტრუქტურის ათობით მაგალითის მოყვანა შეიძლება, გარდაბნის სოფლებში წყლის პრობლემისთვის სამუშაოები 2 წლის წინ უნდა დაეწყოთ, კომპანიას ავანსად 3 მლნ გადაუხადეს. წყალი ისევ არ აქვთ.
იგივე ხდება ყვარელში, სადაც 11 მლნ ავანსად კომპანიას წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის გადაუხადეს, 2 წლის თავზე ყვარელიც ისევ გადათხრილი და უწყლოდაა დარჩენილი.