სუს-ში დაკითხვების სერია განახლდა - "ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დაჭერაც უნდათ"
"ჩვენებები და მტკიცებულებები შეგროვებულია, დაკითხვები კი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს" - ოპოზიციის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" საგამოძიებო უწყებები ივანიშვილის გუნდის ყოფილ მაღალჩინოსნებს უფრო და უფრო ხშირად იბარებენ გამოკითხვაზე.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, დასაჭერთა სიაში პირველი ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ქარსელაძეა. ასევე, მათივე ინფორმაციით, დაკავება ემუქრება ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს.
ივანიშვილის გუნდის ოპონენტების თქმით, საქმე ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვას ეხება. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ "ოცნების" საგამოძიებო უწყებებმა ექს პრემიერიც დააკავონ.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ამ ხალხისთვის განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს, ამიტომ მათ ერთადერთი გამოსავალი რჩებათ, რომ "4 ოქტომბრამდე საზოგადოებას უთხრან ყველა იმ დანაშაულებრივი, კორუფციული სქემების შესახებ, რომელშიც იყო ჩართული პირადად ივანიშვილი და "ოცნება".
დაკითხვები ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს იმიტომ, რომ არა მარტო ქარსელაძეს, არამედ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, აზარაშვილის დაჭერაც უნდათ, ღარიბაშვილის, ღარიბაშვილის ნათესავებისაც კი. ამიტომ, ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიურად მიდის ამ ხალხის დაკითხვა, გამოკითხვა. ბიძინა ივანიშვილს მათთვის განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი აქვთ ახლა, რომ 4-მდე საზოგადოებას უთხრან ყველა იმ დანაშაულებრივი, კორუფციული სქემების შესახებ, რომელშიც იყო ჩართული პირადად ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება".
ჩვენებები, მტკიცებულებები ამ ადამიანებს უკვე გააჩნიათ, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში მაინც მიდის ინტენსიური დაკითხვა და გამოკითხვა, რომ ეს ერთგვარი ზეწოლა იყოს მათთვის კიდევ დამატებით და დააკვირდნენ ივანიშვილის დასაჭერ ობიექტებს, ვინ როგორ იქცევა," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ცნობისთვის, ბოლო ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ტენდერების შესახებ ინფორმაცია უკვე შეაგროვეს და საგამოძიებო უწყებაში გადააგზავნეს.