კანონი ცხადყოფს, რომ ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, შეთითხნილი და პოლიტიკურია - ადვოკატი
საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ პირდაპირ ამბობს, რომ ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის შეთითხნილი, - ამის შესახებ ხაბეიშვილის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, კანონი ნათლად განსაზღვრავს, რომ დაპირებასთან დაკავშირებული აკრძალვა არ ვრცელდება პოლიტიკურ და საარჩევნო დაპირებებზე, რაც მომავალში ბიუჯეტის სახსრების განაწილებას ან სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას უკავშირდება.
საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ პირდაპირ ამბობს, რომ ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის შეთითხნილი, ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის პოლიტიკური და გამოგონილი და მე მინდა, ციტატა წავიკითხო კანონიდან, სადაც პირდაპირ წერია: დაპირებასთან დაკავსირებული აკრძალვა არ შეეხება პოლიტიკურ და საარჩევნო დაპირებებს, რომლებიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას. ამ კანონიდან პირდაპირ ჩანს, რომ ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური დავალება, რომელიც გასცა "ქართული ოცნეის" პარტიამ, მთავარმა პროკურორმა პირდაპირ შეასრულა, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან არ არსებობს კანონი, რომ ბრალი წაეყენებინათ ლევან ხაბეიშვილისთვის. საქართველოში პირველად მოხდა დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომ სიტყვის გამო დაეკავებინოთ ადამიანი, რომ პოლიტიკური დაპირების გამო დაეკავებინოთ ადამიანი და ბრალი წაეყენებინათ. სხვადასხვა ინტერპრეტაციები მოჰყვა პროკურატურისგან, ასევე სხვადასხვა პოლიტიკოსებისგან, ე.წ. იურისტებისგან და მე დღეს მოვიტანე განცხადება, კანონი, სადაც პირდაპირ წერია, და დავუტოვებ პროკურატურას, რომ მერე არავინ თქვას, როდესაც თავისუფალი ადამიანები გაიმარჯვებენ, რომ ეს კანონი არავის ჰქონდა წაკითხული.
აქედან გამომდინარე, მე ყველა სამართალდამრღვევს ვეტყვი, რომ თქვენთან აუცილებლად მოვა კანონი და სამართალი, როდესაც თავისუფალი ადამიანები გაიმარჯვებენ და ნუღარ შეასრულებთ პოლიტიკურ დავალებებს, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დადგენილებაში წერს, რომ ლევან ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება ეკრძალება.