ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა აკისრია "ოცნებას" - ჩერქეზიშვილი ლოტკინზე მომხდარ აფეთქებაზე
"ოცნებამ" ვისზეც არ უნდა გადაიტანოს ისრები, დედაქალაქში ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა აკისრია სწორედ მათ - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" წევრმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა, რომელიც ლოტკინზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, სამღერეთის ქუჩაზე მივიდა და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.
ჩერქეზიშვილის თქმით, ადგილობრივებმა მას განუცხადეს, რომ გაზის სუნის შესახებ არაერთი მიმართვა ჰქონდათ გაკეთებული.
ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, ყოველდღიურად თბილისში ხდება მსგავსი ფაქტები - აცხადებს ჩერქეზიშვილი.
ამჯერადაც, პასუხისმგებლობის ისრები ალბათ მიმართული იქნება ამ გოგონას მიმართ და მისი ოჯახის მიმართ, იმიტომ, რომ ხელისუფლება არასოდეს მსგავს ფაქტებზე არ იღებს პასუხისმგებლობას და ყოველთვის ცდილობენ, რომ ისრები გადაიტანონ მოსახლეობაზე, კონკრეტულ ადამიანებზე, ვინც სწორედ ამ უბედური შემთხვევების შედეგად ზარალდება. ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, ყოველდღიურად თბილისში ხდება მსგავსი ფაქტები. იყო არაერთი მიმართვა, როგორც მოსახლეობა ამბობს და ჩვენ მათ გავესაუბრეთ, თუმცა არავინ ყურად ეს არ იღო და არ მოვიდნენ. ადამიანები ამ ქალაქში არ არიან დაცულები და როგორც არ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ ვისაც არ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა, ფაქტი არის ერთი - ამ ქალაქში ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა აკისრია "ქართულ ოცნებას" და ხელისუფლებას", - აცხადებს ნიკა ჩერქეზიშვილი.
ლოტკინზე აფეთქების შედეგად დაშავებულ 19 წლის გოგოს სხეულის 48% დამწვარი აქვს, რეანიმაციაშია და მისი მგომარეობა საკმაოდ მძიმეა - ამის შესახებ "პირველებს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ექიმმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
ცნობისთვის, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 2 ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.