პაპუაშვილი ბრიუსელს საგარეო პოლიტიკას უწუნებს და მას "საბავშვო ბაღის დონედ" მოიხსენიებს
იმ ფაქტმა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლუქსემბურგში გამართულ მინისტერიალზე არ დაპატიჟეს, „ქართული ოცნება“ აშკარად წონასწორობიდან გამოიყვანა. შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს საგარეო პოლიტიკას უწუნებს და მას "საბავშვო ბაღის დონედ" მოიხსენიებს.
ბრიუსელს აქვს საბავშო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა და ეს გადაწყვეტილება იმასაც აჩვენებს, რომ უკვე არათუ ფაქტებს უარყოფენ, სად არის საქართველოს ეკონომიკური განვითარებით, სად არის საქართველო დემოკრატიული, ინსტიტუციური განვითარებით, სად არის საქართველო ევროინტეგრაციის განვითარებით. არათუ ამას აღარ ხედავენ, რუკას აღარ ხედავენ, გეოგრაფიას არ აღიარებენ და ჩვენ ის გვიკვირს, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგს არ აღიარებენ და სხვა ორგანიზაციებს. გეოგრაფიას როცა არ აღიარებ საგარეო პოლიტიკაში, ეს, უპირველეს ყოვლისა, მეტყველებს მასზე. ჩვენ ბრიუსელთან ვართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაში. ვნახოთ, უნდა დაველოდოთ. ეს არის ნაწილი იმ არაკვალიფიციური მიდგომისა. საბოლოოდ, ამით ზიანდება თავად ბრიუსელი, - ამბობს პაპუაშვილი.
ევროკავშირში „ქართული ოცნების“ იგნორი გრძელდება. ბიძინა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუქსემბურგში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე არ დაპატიჟეს. შეხვედრას, სადაც კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა ქვეყნის, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან, საქართველოდან მხოლოდ ელჩი მიიწვიეს.
„ქართული ოცნება“, რომელიც იზოლაციაშია მოქცეული და ბრიუსელის მხრიდან არაღიარებულ პარტნიორ ძალად მიიჩნევა, დემარშს მიმართავს: მიუხედავად მოწვევისა, შეხვედრაზე ელჩსაც არ უშვებენ.
მინისტერიალის მთავარი თემა უსაფრთხოება და ევროკავშირში ინტეგრაციაა, თუმცა "ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველო მაღალი დონის დისკუსიებში ფაქტობრივად გამოეთიშა.