ელისაშვილი: 2018 წლიდან 3,5 მილიონი ჯარიმაა გამოწერილი პარკირებისთვის, მერია ნადირობს საკუთარ მოსახლეობაზე

24.09.25 14:20
ელისაშვილი: 2018 წლიდან 3,5 მილიონი ჯარიმაა გამოწერილი პარკირებისთვის, მერია ნადირობს საკუთარ მოსახლეობაზე

 

 

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი და თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ დედაქალაქში პარკინგის სისტემა მთლიანად მოშლილია და მერია მოქალაქეებზე „ნადირობს“. მისი თქმით, 2018 წლიდან დღემდე არასწორი პარკირებისთვის 3,5 მილიონი ჯარიმა გამოწერეს, რის შედეგადაც ბიუჯეტში 130 მილიონი ლარი შევიდა. ელისაშვილის განცხადებით, ეს თანხა რომ მიწისზედა და მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეების მშენებლობას მოხმარებოდა, დღეს თბილისში პარკინგის პრობლემა აღარ იარსებებდა. 

ყველა თბილისელს მინდა, ერთი შემზარავი ციფრი ვუთხრა - 2018 წლიდან დღემდე თბილისის მერიამ, შესაბამისმა მუნიციპალურმა სამსახურმა გამოწერა 3,5 მილიონი ერთეული საჯარიმო ქვითარი პარკირებასთან დაკავშირებით. 3 მილიონ 500 ათასი ჯარიმა გამოწერეს არასწორი პარკირებისთვის. წარმოგიდგენიათ ეს რა ციფრია და რაზე მეტყველებს? ორ უმძიმეს ამბავზე. პირველი, პარკინგის სისტემა არ არსებობს თბილისში, აბსოლუტურად მოშლილია. პარკინგის სისტემა რომ გამართული იყოს, ამდენი ჯარიმის გამოწერა საჭირო არ იქნებოდა.

თბილისის მერია ნაცვლად იმისა, რომ მონდომებული იყოს ინფრასტრუქტურის შექმნით, მონდომებული იყოს, რომ მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგე სივრცეები ააშენოს, როგორც თავის დროზე დაგვპირდნენ, გადასულია ნადირობაზე. თბილისის მერია ნადირობს საკუთარ მოსახლეობაზე, ავტომანქანების მფლობელებზე, რომ რაც შეიძლება მეტად დააჯარიმოს, რაც შეიძლება მეტი ფული ამოუღოს ჯიბეებიდან, მეტად გაძარცვოს. ჯამში, ამ საჯარიმო ქვითრების შედეგად არის 130 მილიონი ლარი ამოღებული ჩვენი ჯიბეებიდან. წარმოიდგინეთ, ეს რომ მოხმარებოდა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის შექმნას, თბილისში საპარკინგე პრობლემა არ იქნებოდა.

ირაკლი კუპრაძის გუნდი გპირდებით, რომ ირაკლის და ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, 25 ლოკაციაზე დაუყოვნებლივ დაიწყება მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის სივრცეების შექმნადა ძველ ნიშნულს დაუბრუნდება პარკირებასთან დაკავშირებით ჯარიმის ოდენობა, - განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები