ჯანგველაძის მკვლელობის საქმის რომელი ფიგურანტები ამოიცნეს ექსპერტებმა და რა ჩვენება მისცეს სასამართლოს
სასამართლოში ევაკუაციის გამოცხადებამდე, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვისას, სადაც განსასჯელის სკამზე მკვლელობაში ბრალდებული, გელა უძილაური იჯდა, სახელმწიფო ბრალდებამ ის ექსპრტები გამოკიხტა, რომლებმაც ვიდეო-კადრებსი და ხმსი ექსპერტიზა ჩაატარეს.
ერთ-ერთმა ექსპერტმა, ვალერიან მესხმა განაცხადა, პროკურატურის მიერ გადაცემულ ვიდეოებში ბრალდებულები, სანდრო წივწივაძე და გიორგი ჯოხაძე ჩანან.
რაც შეეხება სასტუმრო „ამბასადორის“ ვიდეო/კამერების ჩანაწერს, სადაც პროკურატურის თქმით, გელა უძილაური ჩანს, ექსპერტი აცხადებს, რომ ჩანაწერებში სახე არ ჩანს, თუმცა „სხვა ნიშნებიდან გამომდინარე, ვიდეოზე სავარაუდოდ გელა უძილაურია გამოსახული“.
მეორე ექსპერტმა, დავით გრატიაშვილმა, რომელმაც ვიდეო/ჩანაწერებში ფიგურანტი პირების ხმის ექსპერტიზა ჩაატარა, განაცხადა, რომ ერთ ვიდეოში, სანდრო წივწივაძის ძმის, ზურამ ჯანიაშვილის [სანდრო წივწივაძის ნახევარძმა] ხმაა. მეორე ვიდეოში ექსპერტის თქმით, მამუკა და ოთარ ბაღდავაძეების ხმაა ასახული, ხოლო მესამე ვიდეოში, გიორგი კაჭკაჭიშვილის ხმა ისმის.
სხდომაზე ასევე დაიკითხა ტაქსის მძღოლი, ზურაბ ქოჩილაძე, რომელმაც უძილაური კეკელიძის ქუჩიდან ვაზისუბანში ერთ-ერთ მისამართზე მიიყვანა.
ღამის 11-12 საათი იქნებოდა, როდესაც შეკვეთა მივიღე, თუმცა ბარნოვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გამაჩერა პიროვნებამ და მითხრა „ვაზისუბანში წამიყვანეო“. ვუთხარი, რომ შეკვეთა უკვე აღებული მქონდა და ვერ წავიყვანდი. მაგრამ მითხრა, რომ ბებია მყავს ცუდადო და მის მდგომარეობაში შევედი და შეკვეთა გავაუქმე, რის შემდეგაც, ვაზისუბნისკენ გავემართეთ. ავტომობილში საუბარი არ გვქონია. არც ტელეფონით დაურეკავს. როდესაც მივიყვანე 50 ლარი მომცა, რის შემდეგადაც, კვლავ გავაგრძელე მუშაობა.
შემდეგ დამირეკეს პოლიციიდან, აინტერესებდათ თუ რა მისამართზე მივიყვანე. ასევე, მათ 4 ფოტოსურათი მაჩვენეს, საიდანაც მივუთითე თუ ის, რომელიც კეკელიძის ქუჩიდან, ვაზისუბანში წავიყვანე, თუმცა მისი სახელი და გვარი არ ვიცოდი“, - განაცხადა ტაქსის მძღოლმა.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.