ვასო ურუშაძე: ანტიკორუფციული კამპანია კლანურ დაპირისპირებად იქცა... მდინარაძე–კობახიძის კლანი ებრძვის ღარიბაშვილს, გომელაურს და ლილუაშვილს
"ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ "ოცნების" კორუფციასთან ბრძოლა, სინამდვილეში, კლანურ დაპირისპირებას წარმოადგენს და არაფერ კავშირშია რეალურ ანტიკორუფციულ პროცესებთან. მისი თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ელიტური კორუფცია და მსხვილი პროექტები, მათ შორის სამტრედია–გრიგოლეთისა და ხულო–ზარზმის გზები კონკრეტული ინტერესების საფუძველზე ხორციელდებოდა.
ურუშაძის შეფასებით, ახლა, უბრალოდ, მიმდინარეობს ბრძოლა მდინარაძე–კობახიძის კლანსა და მათ წინამორბედებს - ღარიბაშვილს, გომელაურსა და ლილუაშვილს შორის, რის მიზანიც ძალაუფლების გადანაწილებაა.
სინამდვილეში, ეს არის კლანებს შორის დაპირისპირება და არანაირი კავშირი არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან. ჩვენ წლებია ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში ელიტურ კორუფციაზე. ათობით ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელდა სხვადასხვა მინისტრობის მმართველობის დროს, იყო დაკავშირებული კორუფციულ ინტერესებთან, ეს იყო სამტრედია-გრიგოლეთის გზა, ხულო-ზარზმის გზა და სხვა უამრავი მნიშვნელოვანი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ადასტურებდა მაღალჩინოსნების, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების კავშირს. რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, ეს არ არის კორუფციასთან რეალური ბრძოლა, ეს არის მდინარაძის, კობახიძის კლანი, რომელიც დაპირისპირებულია მის წინამორბედთან - გომელაურთან, ღარიბაშვილთან, ლილუაშვილთან და მიმდინარეობს ამ ძალაუფლებისთვის ბრძოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ მართლა გვსურს, რომ მართლა დავამარცხოთ კორუფცია ქვეყანაში, აუცილებელია დემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლილება, სასამართლო რეფორმა, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, დამოუკიდებელი პროკურატურის არსებობა ქვეყანაში, რომ მოქმედი თანამდებობის პირები, რომლებიც არიან დღეს კორუფციაში, მათ წინააღმდეგ მუშაობდეს სახელმწიფო სტრუქტურები და არა იმ ადამიანებზე, რომლებიც კლანურ დაპირისპირებაში არიან ივანიშვილის ვერტიკალთან, აღარ იკავებენ თანამდებობებს და ახლა მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს დევნა. ეს არის მოჩვენებითი ბრძოლა კორუფციასთან, მსგავსი რამ სხვადასხვა ავტორიტარულ ქვეყნებშიც გვინახავს, მაგალითად რუსეთში, როცა პუტინის მოწინააღმდეგეები არიან სხვადასხვა თანამდებობებზე, ისინი ვერ თანხმდებიან რიგ საკითხებზე, კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმით ახდენს ავტორიტარული რეჟიმის მეთაური პუტინი მათ განეიტრალებას და განადგურებას, ამიტომ დაახლოებით მსგავსი სცენარი მიმდინარეობს დღეს საქართველოში, რომ კორუფციული საფუძვლებით ხდება დევნა ყოფილი თანამდებობის პირების, რომლებიც სავარაუდოდ არიან ღრმა დაპირისპირებაში მოქმედ ვერტიკალთან ივანიშვილის, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.