"ღარიბაშვილთან ვძმაკაცობ... მას დაჭერის არ ეშინია" - ნოშრევან ნამორაძე
"ღარიბაშვილთან ვძმაკაცობ... მას დაჭერის არ ეშინია" - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარმა, ბიზნესმენმა, ნოშრევან ნამორაძემ განაცხადა. ის ცოტა ხნის წინ კალაძის პრეზენტაციაზე გამოჩნდა.
მისი თქმით, მან არ იცის სად არის ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა დარწმუნებულია, რომ მას დაჭერის არ ეშინია და ამის საშიშროება არ არსებობს.
მე ვძმაკაცობ, ვმეგობრობთ ირაკლისთან ღარიბაშვილთან. მე არ ვარ ის ადამიანი და ის კაცი, რომელიც უარყოფს გარკვეული რაღაცა თანამდებობის გამო ესე პიროვნულ ურთიერთობებს და ყოველთვის ვიქნები ერთგული და მეგობარი მისი.
არ ვიცი [სად არის], კარგად არის დარწმუნებული ვარ და კარგადაც იქნება.
არა, არ ეშინია [დაჭერის] დარწმუნებული ვარ და არც არის საშიშროება მაგის," - განაცხადა ნოშრევან ნამორაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს "ქართულმა ოცნებამ" ღარიბაშვილი-ლილუაშვილის გარემოცვის წევრების დაკვება დაიწყო.
- 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, კომპანია B.P. TRANS-ის დირექტორი ვალერიან კვარაცხელია დააკავეს. მასთან ერთად ბრალი წაუყენეს კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკაძეს, რომელიც სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია.
- მანამდე დააკავეს ღარიბაშვილის გარემოცვის წევრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.