"არავის არავისთან არაფრის შეთანხმება არ სჭირდება" - ბექა ოდიშარია

25.09.25 11:37
"არავის არავისთან არაფრის შეთანხმება არ სჭირდება" - ბექა ოდიშარია

 

 

არის თუ არა ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული საქმეები შეთანხმებული ბიძინა ივანიშვილთან - ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ  როცა საქმე შეეხება დანაშაულზე ეჭვს, მათ არავისთან შეთანხმება არ სჭირდებათ. 

"იკვეთება ეჭვი, სამართალდამცავები მოქმედებენ შესაბამისად, აკავებენ ადამიანებს და მსჯავრს დადებს თუ არა ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. არავის არავისთან არაფრის შეთანხმება არ სჭირდება. მითუმეტეს როცა საქმე შეეხება დანაშაულზე ეჭვს.

არ შეიძლება გამოიგონო ისეთი ვითარება, როდესაც ვიღაცას შეუთანხმებ, რაღაც სცენარს დადგამ. [...] დანაშაული იმიტომაა დანაშაული, რომ ის არის დაფარული, ის იხსნება კვირების მერე, თვეების მერე, შეიძლება წლებიც დასჭირდეს" -  განაცხადა "ოცნების" წევრმა ბექა ოდიშარიამ. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს "ქართულმა ოცნებამ" ღარიბაშვილი-ლილუაშვილის გარემოცვის წევრების დაკვება დაიწყო. 

  • 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, კომპანია B.P. TRANS-ის დირექტორი ვალერიან კვარაცხელია დააკავეს. მასთან ერთად ბრალი წაუყენეს კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკაძეს, რომელიც სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია.
  • მანამდე დააკავეს ღარიბაშვილის გარემოცვის წევრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 

 

მსგავსი სიახლეები