კობახიძე: "მადლობა ღმერთს, რომ ყველა ელჩი ისე არ იქცევა როგორც ბრიტანეთის, გერმანიისა და ევროკავშირის ელჩები
"მადლობა ღმერთს, რომ ყველა ელჩი ისე არ იქცევა როგორც ბრიტანეთის, გერმანიისა და ევროკავშირის ელჩები", - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რეაგირება სჭირდება ელჩების მხრიდან "ვენის კონვენციის დარღვევას".
ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელი ამბობს, რომ "საქართველოში ელჩი უნდა იქცეოდეს ისე, როგორც შეეფერება ელჩს და არა ისე, როგორც პოლიტიკოსს".
"რა თქმა უნდა, ყველა ხედავს, რომ კონკრეტული ელჩები პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში, რაც არის დემოკრატიული პრინციპის უხეში ხელყოფა და ვენის კონვენციის პრინციპების უხეში ხელყოფა. ამას სჭირდება რეაგირება. ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ელჩები დაუბრუნდებიან დიპლომატიურ ჩარჩოებს. მათ უნდა დაიცვან წესები, მათ უნდა დაიცვან პრინციპები, ეს არის მათ შორის ევროპული მიდგომა, არ შეიძლება საბჭოური მიდგომებით მოქმედებდნენ ელჩები". - თქვა კობახიძემ.
შეკითხვაზე, ყველა ელჩის დაბარებას აპირებენ თუ არა, კობახიძემ უპასუხა: "ყველა არა, ყველა ელჩი ისე არ იქცევა, როგორც გერმანიის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ელჩები".
"რაც შეეხება დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ზომა. ყველა ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს და როდესაც ელჩს იბარებ, ამით ერთგვარ დიპლომატიურ ზომას იყენებ სახელმწიფოს მიმართ, ეს ლოგიკურია. ელჩი ხომ დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპული ბიუროკრატია დღეს არის მძიმე მდგომარეობაში და ეს ეხება არა მარტო ევროკავშირის სტრუქტურებს, არამედ შესაბამისი სახელმწიფოების სტრუქტურებს. ევროპულ ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები და ამის გამოხატულებაა ის, რასაც აკეთებენ ელჩები" - თქვა კობახიძემ.
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეთ უორდი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ცნობისთვის, ბრიტანეთის ელჩი უკვე მეორე დიპლომატია, რომელიც მაკა ბოჭორიშვილის უწყებაში დაიბარეს.
საგარეო უწყებაში გუშინ, 24 სექტემბერს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერიც დაიბარეს. როგორც მან აღნიშნა, ეს იყო გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს.