ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა - ადვოკატი არ ამბობს, სად არის ლილუაშვილის ნათესავი
ბიუჯეტიდან ₾4.1 მილიონის მითვისების საქმეზე გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ბიჭიკო პაიკიძეს და ხუთ დაკავებულ პირს ბრალდება ოფიციალურად წარედგინა - როგორც სუს-ის შენობის დატოვების შემდეგ პაიკიძის ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნულ საქმეზე გამოკითხულიც კი არ არის.
კითხვაზე, საქმის მასალებში ფიგურირებს თუ არა გირგოლ ლილუაშვილი, ადვოკატმა განაცხადა: „რისი გაცნობაც მოვახერხე, იქ ბატონი ლილუაშვილის გვარი არ ფიგურირებს".
ირმა ჭკადუა არ ამბობს, სად არის ლილუაშვილის ბრალდებული ნათესავი და არც იმას ამბობს, აპირებს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას ბიჭიკო პაიკიძე.
„ბიჭიკო პაიკიძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება. მას ედავებიან გარკვეული თანხების მითვისებას, მასალა მოცულობითია, დაახლოებით, 21 ტომია. ბიჭიკო პაიკიძე საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებაა, მისი უშუალო ჩართულობით ხდებოდა შოვის ტრაგედიის სალიკვიდაციო სამუშაოების, ყველა ტრაგედია, სტიქია, რაც საქართველოში ხდებოდა, სალიკვიდაციო სამუშაოებს ის ატარებდა, ის ყველაფერს მისი ქვეყნის სასარგებლოდ აკეთებდა.
ბატონი პაიკიძე არავის მხრიდან გაფრთხილებული არ ყოფილა, მის მიერ საქართველოს დატოვება მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება, საგამოძიებო ორგანოსთვის ცნობილია, რომ მას ძალიან ხშირად უფიქსირდებოდა საზღვრის კვეთა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდებოდა. მას არაერთი ქირურგიული ჩარევა აქვს გაკეთებული. ახლა სად იმყოფება, ჩემთვის ცნობილი არ არის, რომც ვიცოდე, ვერც მოგახსენებთ.
დავინტერესდი ექსპერტიზის დასკვნით, შესრულებული სამუშაოებია შეფასებული და ის მარტივი ფორმულით არის დაანგარიშებული. დაცვასაც ექნება შესაძლებლობა დამატებით ჩაატაროს ექსპერტიზები.
ბატონი პაიკიძე ამ საქმეზე გამოკითხული არ არის. ბატონი პაიკიძე ახლა სად იმყოფება ჩემთვის ცნობილი არ არის, თუმცა რომც ვიცოდე, მე არ მაქვს უფლება, რომ ეს ვთქვა. ბატონმა პაიკიძემ ქვეყანა თურქეთის მიმართულებით დატოვა, რადგან ის იმყოფებოდა სამკურნალოდ",- განაცხადა ჭკადუამ.
საქმე ეხება 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლებას.
აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია შპს ,,B.P. TRANS“ - ის დირექტორი ვალერიან კვარაცხელია, ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი, ხოლო შპს „B.P. TRANS“ -ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძეს, ის საქართველოში არ იმყოფება.
"პირველების" ინფორმაციით, დაახლოებით ორი კვირის წინ, დაკითხვაზე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავის ცოლიც დაიბარეს. იმ დროისთვის, ბიჭიკო პაიკიძეს ქვეყანა უკვე დატოვებული ჰქონდა. ბიჭო პაიკიძემ, სავარაუდოდ, საქართველო თურქეთის გავლით დატოვა.
.