"ოცნების" დემარში დიპლომატებს - რას ამბობენ სპეციალისტები

25.09.25 18:03
"ოცნების" დემარში დიპლომატებს - რას ამბობენ სპეციალისტები

დიპლომატები "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის, გარეთ უორდის დაბარებას ეხმიანებიან.

მათი თქმით, "ქართულ ოცნებას" დიპლომატებთან ასეთი მძიმე ურთიერთობა არასდროს ჰქონია და მსგავსი ნაბიჯები პრაქტიკულად ქვეყნის სრულ იზოლაციაში მოქცევაა. 

დიპლომატი, გიორგი ბადრიძე აცხადებს, რომ ბრიტანეთი "ოცნების" წევრებისთვის ძალიან პოპულარული იყო თავიანთი ქონების შესანახად, შესაბამისად ბრიტანეთის ქმედებების მიმართ ისინი უფრო მგრძნობიარეები არიან. 

პრაქტიკულად სრულდება საქართველოს სრული იზოლაცია ჩვენი ნამდვილი პარტნიორებისგან და მეგობრებისგან. ბრიტანეთს ამ სურათში თავისი ადგილი აქვს, რადგან ის ძალიან პოპულარული ადგილი იყო, მათ შორის ამ რეჟიმთან დაკავშირებული პიროვნებებისთვის, თავიანთი სიმდიდრის შესანახად და ამ რეჟიმის მეთაურს თვითონ აქვს თავისი ისტორია, თავისი ქონების ბრიტანეთში, ან ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფ ტერიტორიებში. ეს არის ოფშორული ზონები. შესაბამისად ბრიტანეთის ქმედებების მიმართ ისინი უფრო მგრძნობიარე არიან. თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ არაფერი ბრიტანეთს არ გაუკეთებია საქართველოს ეროვნული ინტერესის საწინააღმდეგოდ," - ამბობს გიორგი ბადრიძე.

გიგი გიგიაძის განცხადებით, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები თავიანთი ქვეყნების პოზიციას აჟღერებენ და ნებისმიერი განცხადება, ან ქმედება, რომელსაც ისინი ავრცელებენ საქართველოში წინასწარ შეთანხმებული და შეჯერებულია საკუთარი ქვეყნის პოზიციასთან. 

დიპლომატი აღნიშნავს, რომ "ოცნება" ელოდება, რომ აღნიშნული ქვეყნები ამ ბრალდებებს ანალოგიურად უპასუხებენ. 

გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები არიან შესაბამისად დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლები და მათი პოზიციის გამჟღერებლები ჩვენს ქვეყანაში. ანუ არანაირი კერძო პოზიცია მათ არ გააჩნიათ, ფიზიკურად ვერ ექნებათ მათი მანდატიდან გამომდინარე და ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ისინი ახორციელებენ საქართველოში რასაკვირველია წინასწარ შეთანხმებული და შეჯერებულია საკუთარი ქვეყნის პოზიციასთან. 

შესაბამისად ამ ქვეყნების ელჩების დაბარება, მათი შეურაცხყოფა, მათდამი ასეთი აგდებული ტონით საუბარი, ცინიკური საუბარი, ნიშნავს ამ ქვეყნების დაცინვას, ამ ქვეყნებთან მიმართებით ასეთი ცინიკური ტონის ფორმატის შემოღებას და საპასუხო რეაგირების მოლოდინში არიან როგორც ჩანს. ისინი ელოდებიან, რომ ანალოგიურად უპასუხებენ ეს ქვეყნებიც ამ ბრალდებებს," - განაცხადა გიგი გიგიაძემ. 

ცნობისთვის, დღეს, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მას შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. 

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში პეტერ ფიშერი, გუშინ, დაიბარეს. უწყების განმარტებით, მათ გერმანიის ელჩს ვენის კონვენციის პატივისცემაზე მიუთითეს და "რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობაზე" შეშფოთება გამოთქვეს.

მოგვიანებით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პეტერ ფიშერის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შესახებ განცხადება გაავრცელა და კატეგორიულად დაგმო "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკა ელჩის მიმართ. 

იხილეთ ასევე:

მსგავსი სიახლეები