სტრასბურგმა რუსეთს საქართველოსთვის €253 მლნ-ის გადახდა დაავალა - კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ "ომი სააკაშვილმა დაიწყო"

14.10.25 14:12
სტრასბურგმა რუსეთს საქართველოსთვის €253 მლნ-ის გადახდა დაავალა -  კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ "ომი სააკაშვილმა დაიწყო"

"ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც დადგა" - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. 

"ოცნების" პრემიერის განცხადებით, რუსეთს თავისი დანაშაული აქვს, რაზეც აიგო სტრასბურგის გადაწყვეტილება და "ეს ყველაფერი არაფერ შუაში არ არის ომის დაწყების საკითხთან". 

ყოველ ჯერზე, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, მათ შორის, რუსეთთან მიმართებით, როცა საქმე ეხება სიმართლისა და ჭეშმარიტების დადგენას სასამართლო ინსტანციებში, ყველგან ჩვენს სახელმწიფოს, ხელისუფლებას ეკავა ძალიან პრინციპული პოზიცია.

ჩვენ მოვიგეთ ყველა საქმე სტრასბურგის სასამართლოში და ასევე მოვიგეთ საქმე ჰააგის სასამართლოში, სწორედ, ჩვენი ხელისუფლების პრინციპული დამოკიდებულების შედეგად.

ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც დადგა. მადლობა ეკუთვნის იუსტიციის მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ საჯარო მოსამსახურეს. არაფერ შუაში არ არის ომის დაწყების საკითხთან ეს ყველაფერი, თავისი დანაშაული აქვს რუსეთის ფედერაციას და სწორედ ამაზე აიგო ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული საქართველოს სასარგებლოდ. როდესაც მათ ჰქონდათ საპასუხო ინტერვენცია, იქ დაირღვა კონკრეტული უფლებები და სწორედ ამ უფლებების დარღვევას ეხება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ," - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. გადაწყვეტილება დღეს, სტრასბურგის სასამართლომ გამოაცხადა. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო წერს. 

კერძოდ, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.