"ოცნებამ" დიპლომატია გაანადგურა და "ფოსტალიონობას" დაამსგავსა - ყოფილი ელჩები
საერთაშორისო პარტნიორებთან გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, ყოფილი დიპლომატები ამბობენ, რომ მოქმედმა ელჩებმა, ფაქტობრივად, საკუთარი ფუნქცია დაკარგეს.
საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მოცემულ ვითარებაში დიპლომატების საქმიანობა მარტივი აღარ არის. მისი თქმით, მათ უწევთ "დამტვრეული ქოთნის შეკოწიწება", რაც პრაქტიკულად, შეუძლებელია.
დღეს ქართული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის ნამდვილად არ არის მოხეხრხებული პერიოდი, ნამდვილად არ არის კომფორტული გარემო, როცა ფაქტობრივად, უწევთ იმ პარტნიორებთან შეხვედრა და ერთგვარი კეთილგანწყობილი ურთიერთობის შექმნა, რომელსაც დედაქალაქიდან, ფაქტობრივად, მტრულად განწყობილ ქვეყნად აღიქვამენ. ძალიან რთულია დიპლომატისთვის, როცა ის გრძნობს, რომ ნდობა აღარ არსებობს პარტნიორის მხრიდან. ნდობის აღდგენას სჭირდება წლები და სამწუხაროდ, აი, ამ უხერხულ და არასასურველ ვითარებაში აღმოჩნდა საქართველო, როცა ჩვენი ერთგული პარტნიორები დღეს ვეღარ მოაიზრებენ საქართველოს ერთგულ და სანდო პარტნიორად. არავისი მშურს დღეს ვინც ამა თუ იმ მიზეზით რჩება ამ სამსახურში და ცდილობს კიდევ, რომ ერთგვარად დამტვრეული ქოთანი შეაკოწიწოს და ერთგვარად სიმართლეს დაამსგავსო ის ნარატივი, რასაც მათ აწვდიან როგორც გზავნილს, რომ მიუტანონ, - ამბობს ჯავახიშვილი.
საქართველოს ყოფილი ელჩი უზბეკეთსა და ტაჯიკეთში გიგი კუბლაშვილი კი ამბობს, რომ "ოცნებამ" დიპლომატიის სახით ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი გაანადგურა. მისი თქმით, დიპლომატია ახლა "ფოსტალიონობას" უფრო დაემსგავსა.
ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა შეძლო ამ ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტის, ფაქტობრივად, განადგურება ისევე, როგორც ქართული სახელმწიფოსი მთლიანად. ეს ინსტიტუტი აქცია თავისი პირადი ერთგულებით გამორჩეული ადამიანების სარბიელად და შესაბამისად, დიპლომატიასთან ამას უკვე აღარანაირი კავშირი აღარ აქვს. ეს არის უფრო რაღაც ფოსტასთან დაკავშირებული და ფოსტალიონობასთან, ისიც გარკეულ შემთხვევებში. დანარჩენი საერთოდ არ აინტერესებთ და არ სჭირდებათ, - ამბობს საქართველოს ყოფილი ელჩი უზბეკეთსა და ტაჯიკეთში გიგი კუბლაშვილი.
კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას საგარეო უწყების პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ზურაბ ფარჯიანი. მისი თქმით, ელჩებად ინიშნებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც დიპლომატიასთან შეხება არ აქვთ.
დიპლომატის ფუნქცია რა არის? საკუთარ ქვეყანაზე კარგი წარმოდგენა დატოვო და რაღაც გზანილი მიიტანო. რა რავიცი, გზავნილი ვისთან უნდა მიიტანო? ვინც იყო ამ ქვეყნის პარტნიორები, იმათთან, პრინციპში, ყველაფერი გასაგებია. ელჩად მიდიან ადამიანები, რომლებთანაც, შეიძლება, დიპლომატიური კარიერა საერთოდ არაფერ შუაში იყოს. ქურასბედიანია ახლა, ელჩის მოვალეობას ასრულებს კანადაში ანუ ვინც რუსულ კანონს ხმა მისცა, ეს გოგო, ეტყობა სიაში ვერ ჩააჯინეს და არის ახლა იქ. რა უნდა გაგიკეთოს მაგან?, - ამბობს საგარეო უწყების პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ზურაბ ფარჯიანი.
ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობების დაპაუზების ფონზე, როდესაც საქართველო ბრიუსელის დღის წესრიგის მიღმა დარჩა, სხვადასხვა ქვეყანაში დანიშნული ქართველი დიპლომატების საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა.
"პირველები" ელჩების სოციალური ქსელებით დაინტერესდა, საიდანაც ირკვევა, რომ ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები ძირითადად არადიპლომატიური ხასიათის შეხვედრებს მართავენ: ხვდებიან „ევროვიზიის“ კონკურსანტებს, მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან გაცნობით ღონისძიებებში, ესწრებიან სპორტულ კლუბებსა და კულტურულ ღონისძიებებს.
ეს აქტივობები სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან დიპლომატიური მისიის კლასიკური მიმართულებები - პოლიტიკური დიალოგი, ევროპულ ინსტიტუტებთან მუშაობა და სტრატეგიული ურთიერთობები ამჟამად შეზღუდულია.