გაიწვიონ ხმის მიცემის შესახებ ინიციატივა - ქართველი ემიგრანტები მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ითხოვენ ხმის მიცემის შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებები გაუქმდეს და ივანიშვილის პარტიისგან ახსნა-განმარტებას ელოდებიან.
- საქმე ცვლილებებს ეხება, რომლის მიხედვითაც, ემიგრაციაში მყოფი ქართველები არჩევნებში მონაწილეობას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ.
შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, გუშინ, საქართველოს საელჩოსთან მივიდნენ. ისინი ელჩთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა უცხოეთსი მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები შენობაშიც კი არ შეუშვეს.
ემიგრანტებმა საელჩოში დასაქმებულ პირებს ოფიციალური წერილი და პეტიცია გადასცეს და კონკრეტული დრო განსაზღვრეს, რომ საელჩომ "ოცნების" წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები უკან გაიტანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
ჩვენ გვქონდა სურვილი შევხვედროდით ქალბატონ ელჩს, სამწუხაროდ, ეს შეხვედრა ვერ მოხდა. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარიც არის, მიუღებელიც არის და ზოგადად ვთვლით, რომ ეს დამოკიდებულება ზოგადად, ქართული ემიგრაციის მიმართ არის ძალიან მცდარი.
ჩვენი მოთხოვნაა, ეს ინიციატივა გაწვეული იქნას საქართველოს პარლამენტის მიერ და პირიქით, მოგვეცეს საშუალება ქართულ ემიგრაციას, რომლის გარკვეულწილად, ხმასაც ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები წარმოვადგენთ, მოგვეცეს საშუალება რომ უფრო აქტიურად ვიყოთ ჩართულები საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართულები და ამისი გზებიც არსებობს," - განაცხადა ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსისა და ასოციაციის "თვისტომის" ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეიძემ.