მოსამართლის მიმართვა მოშიმშილე პატიმარს
სასახლის ღობის საქმე - ვალერიან ბუგიანიშვილი 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების საქმეს განიხილავს.
პროცესს ესწრება ზურაბ ჭავჭანიძე, რომელიც შიმშილობს.
ნუ დაიზიანებთ ჯანმრთელობას, - უთხრა ვალერიან ბუგიანიშვილმა დაკავებულს, მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია გაიგო.
იქამდე, მოსამართლემ მისი ვინაობა დაადგინა.
„სოხუმელი ვარ, ისე ბათუმში ვცხოვრობ“, - განაცხადა ჭავჭანიძემ.
„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უკიდურეს ზომას მიმართეთ, სრული შიმშილობა გამოაცხადეთ. ჩემი, როგორც მოსამართლის რჩევაა, რომ თქვენ ჯანმრთელად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება შეძლოთ აქ, ნუ დაიზიანებთ ჯანმრთელობას, მინდა ეს რჩევა მოგცეთ",- განაცხადა ბუგიანიშვილმა.
ბრალდებულმა პროცესზე სიტყვის თქმა ითხოვა და მოსამართლისგან ეს პირობა მიიღო.
ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, ზურაბ ჭავჭანიძეს, სერგო მეგრელიშვილს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მუმლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.