შესყიდვების სააგენტო სხვადასხვა უწყებებისთვის 10,797,308 ლარის 192 მანქანას იყიდის - აბესაძე
შესყიდვების სააგენტო სხვადასხვა უწყებებისთვის 10,797,308 ლარის 192 მანქანას იყიდის - ამის შესახებ ეკონომისტი ირაკლი აბესაძე "პირველებთან" საუბრობს.
ირკვევა, რომ ახალ მანქანებს ყიდულობენ კალაძის უწყებისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის, იუსტიციის სამინისტროსთვის და სახალხო დამცველის აპარატისთვისაც.
აბესაძის თქმით, მხოლოდ ბოლო 1 წელიწადში, შესყიდულია 1018 ავტომობილი (აქ არ შედის სპეც.ტექნიკა და საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტი), საერთო ღირებულებით დაახლოებით 70 მილიონი ლარი.
ეს ხდება იმ ფონზე, როცა ბიუჯეტის შესავსებად, საიდანაც მერე მანქანებს ყიდულობენ, ხელფასებს და პრემიებს ირიგებენ, გადასახადებს უზრდიან ადამიანებს - ამბობს აბესაძე.
რეჟიმის წარმომადგენლები აგრძელებენ საბიუჯეტო ფუფუნებაში ცხოვრებას. ამჯერად შესყიდვების სააგენტო ერთდროულად აპირებს იყიდოს 10 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების 192 მანქანა - აქედან 86 მანქანას ყიდულობს თბილისის მერიისთვის, 12 მანქანას მაგალითად ყიდულობს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის. გაუგებარია ამდენი მანქანა რაში შეიძლება სჭირდებოდეს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას. საინტერესოა ასევე, რომ იგივე თბილისის მერიამ ორი თვის უკან ასი ახალი მანქანა შეიძინა დაახლოებით 5 მილიონ ლარად. ანუ ჯამურად ბოლო ორ თვეში 186 მანქანას ყიდულობს. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ბიუჯეტის შესავსებად, საიდანაც მერე მანქანებს ყიდულობენ, ხელფასებს და პრემიებს ირიგებენ, გადასახადებს უზრდიან ადამიანებს. ზრდიან ჯარიმებს და ასე ცდილობენ ჯიბიდან ამოუღონ ფული მოქალაქეებს. საინტერესოა, რომ მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფომ იყიდა ათასზე მეტი ავტომობილი - საერთო ღირებულებით 70 მილიონ ლარამდე და ამ მანქანებში არ შედის სპეცტექნიკა, არ შედის საქალაქო ტრანსპორტი, არ შედის სახანძრო, სასწრაფო, სამაშვბელო მანქანები. ანუ ისინი ყიდულობენ მანქანებს, რომელიც შემდეგ ემსახურება ჩნოვნიკებს", - ამბობს ირაკლი აბესაძე.