ერთი წელი EU-ისკენ სვლის შეჩერებიდან - რას ამბობს კახა კალაძე
ერთი წელი EU-ისკენ სვლის შეჩერებიდან - რად უღირდა "ქართულ ოცნებას" საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წასვლა - დღეს "პირველებმა" ეს კითხვა "ოცნების" გენერალურ მდივანს დაუსვა.
კახა კალაძე კითხვებს ისევ პროპაგანდით პასუხობს, ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებების თემა მანამდე იყო შეჩერებული, ვიდრე ირაკლი კობახიძე აღნიშნულ განცხადებას გააკეთებდა.
- 2024 წლის 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სახელით განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
მოლაპარაკებების თემა მანამდე იყო შეჩერებული, ვიდრე ირაკლი კობახიძე გააკეთებდა აღნიშნულ განცხადებას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. დავანახეთ მსოფლიოს, რომ თითის დაქნევით არ უნდა ელაპარაკოს ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ჩვენმა წინა თაობებმა ბრძოლით, სისხლით მოიპოვეს.
ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ქართველ ხალხთან. გაითავისეთ ის, რომ ქართველი ხალხი არის ყველაზე მთავარი. რაც შეეხება ევროინტეგრაციის გზას, პირდაპირ გამოვედით და ვთქვით, ახლაც ვიმეორებთ - ისე არ გამოვიდეს ახლა 30 წელია ნატოში მიგიღებთ, მიგიღებთო და სად ვართ თვითონაც არ იციან. რა პირობებზე მეუბნებით, ნახეთ რა უქნეს უკრაინას. მთერს არ ვუსურვებ იმას, რა მდგომარეობაშიც დღეს უკრაინა იმყოფება.
"პირველების" ჟურნალისტმა კალაძეს დღეს გაახსენა, რომ სწორედ კობახიძის განცხადებიდან ერთ თვეში შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა - და თბილისის მერს ჰკითხა, თვლის თუ არა, რომ 28 ნოემბერი საამაყო თარიღია. "ოცნების" გენერალურმა მდივანმა კითხვას ასე უპასუხა:
როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, აქ ჩვენი თითოეულის პოლიტიკურ ცხოვრებას მნიშვნელობა არ აქვს. პირველ რიგში არის ჩვენი სამშობლო. რა თქმა უნდა, ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ემსახურება სწორედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. რაც შეეხება სანქციების ნაწილს, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილებები გაჯერებული იყო სიცრუეზე დაყრდნობილი ინფრომაციები. როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა, მოისმინეთ განმარტება - რა იყო ამის მიზეზი? (ჟურნალისტი - რუსეთისთვის სასარგებლო პოლიტიკა) კონკრეტული ფაქტები არსებობს ამისი. იმ კანონებზე, როემლზეც ჩენ შენიშვნებს ვიღებდით, თავად იღებს ევროკავშირი. არანაირი არგუმენტი არ არსებობს.