სინდისის 11 პატიმრის სააპელაციო საქმის განხილვა გადაიდო
სინდისის 11 პატიმრის - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის პროცესი სააპელაციო საქმის განხილვა გადაიდო - აღნიშნულის მიზეზი მსჯავრდებულ გური მირცხულავასა და ერთ-ერთი ადვოკატის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა გახდა.
დღეს 11 პატიმრის საქმის განსახილველად შეარჩიეს სააპელაციო სასამართლოს ყველაზე დიდი დარბაზი, მაგრამ პატიმრები კონსტრუქციაში ვერ ეტეოდნენ. უფლებადამცველებმა მოსამართლეს განუმარტეს, რომ მსჯავრდებულები ფიზიკურად ვერ დადგებოდნენ ფეხზე მთელი დღის განმავლობაში.
მოსამართლე თეა ლეონიძემ განმარტა, რომ შემდეგი სხდომიდან „სასამართლო შეეცდება გარკვეული ზომების მიღებას".
ადვოკატებმა ასევე შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, რომ პროცესის საჯაროობა უზრუნველეყო. უფლებადამცველებმა სასამართლოს სთხოვეს, იყოს შუამავალი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, რათა ჟურნალისტებმა პროცესის გადაღება შეძლონ.
დღევანდელი პროცესი გადაიდო იმიტომ, რომ ერთ-ერთმა ადვოკატმა საპატიო მიზეზის გამო ვერ მოახერხა მოსვლა, თუმცა, ჩვენ მაინც მოგვეცა საშუალება, რომ განცხადებებით გვესარგებლა. სასამართლოს ორი მნიშვნელოვანი საკითხი დავუყენეთ დღის წესრიგში, ეს არის პირველი - თავად მსჯავრდებულების მოთავსების ადგილი, რომელიც არის ძალიან პატარა, ამიტომ იმ ვიწრო ადგილას საბადრაგო სამსახურთან ერთად ფიზიკურად ვერ დაეტევა და რამდენიმე საათი ფეხზე დგომა უთანაბრდება არაადამიანურ მოპყრობას. რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს უკავშირდება საჯაროობის პრინციპს, უფრო ზუსტად კი მედიის დაშვებას, რაც აკრძალულია უკვე თვეებია. სასამართლოს ვთხოვეთ, რომ იყოს ერთგვარი შუამავალი მედიასა და იუსტიციის საბჭოს შორის", - ამბობს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.
მოსამართლე თეა ლიონიძემ პროცესი გადადო. შემდეგი სხდომა 20 იანვარს, 12 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, სააპელაციოში სინდისის 11-მა პატიმარმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ გამოტანილი 2 წლიანი განაჩენი გაასაჩივრეს.