"ოცნების" პოლიტიკის გამო ქართველ ხალხს ნუ დასჯით - 150 დიპლომატის მიმართვა ევროკავშირს
"ოცნების" პოლიტიკის გამო ქართველ ხალხს ნუ დასჯით - ამ საგანგებო განცხადებით ქართველი დიპლომატები ერთიანდებიან. 150-მდე ყოფილი საჯარო მოხელის მიმართვის მთავარი ადრესატი საქართველოს პარტნიორები არიან.
"ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირში შეჩერებული ინტეგრაციის ერთი წლის თავზე ქართველი ელჩები, კონსულები, დესპანები და საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვა ყოფილი თანამშრომლები საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად ერთიანდებიან.
საჯარო მიმართვის ხელმომწერებს შორის ბევრია ისეთი, ვინც დიპლომატიურ უწყებას "ოცნების" მმართველობის პირობებში ემსახურებოდა. ასეთია საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ასევე მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, რომელმაც საგარეო უწყება 28 ნოემბრის განაცხადის შემდეგ დატოვა.
"ქართულ ოცნებას" ტყუილების და დეზინფორმაციის ტირაჟირებაში ადანაშაულებენ და ერთობლივ განცხადებას უერთდებიან გასულ წელს გადამდგარი ელჩებიც. ყველას სათქმელი ერთია - ივანიშვილის პარტია საქართველოს დასავლურ მომავალს ართმევს.
საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერ განცხადებას უერთდებიან ისინიც, ვინც 1 წლის წინ ამავე მიზეზით დაისაჯნენ. ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც საჯარო პეტიცია შეადგინეს და კონსტიტუციის 78 მუხლის ერთგულები დარჩნენ. კონსტიტუციის ერთგულება ბოჭორიშვილმა არავის აპატია და ზოგი სამსახურიდან გაუშვა, ზოგმა კი დიპლომატიური უწყება პროტესტის ნიშნად დატოვა.