ერთი წელი კობახიძის განცხადებიდან და საქართველო უწყვეტი პროტესტის რეალობაში - მოვლენების ქრონოლოგია
ერთი წლის წინ, სწორედ ამ დღიდან დაიწყო ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტად დამტკიცების პროცესი. ერთპარტიულმა პარლამენტმა მისი ხელმძღვანელობით დაამტკიცა სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით „ღირსებით ევროპისკენ“, თუმცა ქვეყნის „ღირსეული ევროპული მომავალი“ ზუსტად სამ საათში უკუსვლად იქცა.
იმავე საღამოს ნათლად გამოჩნდა, რომ ეს ხელისუფლება საზოგადოების ხმას არ უსმენდა. კობახიძის სიტყვების დასრულებიდან რამდენიმე წუთში რუსთაველის გამზირი მყისიერად გაივსო - ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განცხადება არც „ოცნების“ ამომრჩევლებმა მიიღეს. ასე დაიწყო თანამედროვე საქართველოს ისტორიის ახალი, მძიმე თავი - ერთწლიანი, უწყვეტი პროტესტი, რომელსაც ხელისუფლებამ პირველივე დღეს წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზითა და ძალადობით უპასუხა.
პროტესტის პირველივე საათებიდან:
— საქართველოს ელჩებმა ევროპის მრავალ დედაქალაქში გადადგომა დაიწყეს;
— საჯარო მოხელეებმა მეორე დღესვე დაიწყო მმართველი ძალისგან დისტანცირება;
— ევროპარლამენტმა „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირების საკითხი დააყენა;
— ევროკავშირის ელჩმა ღიად გააკრიტიკა ივანიშვილის მთავრობა;
— ევროსაბჭომ კი ეჭვი გამოთქვა, ასახა თუ არა არჩევნებმა მოსახლეობის ნება.
„ქართული ოცნების“ პასუხი ამ ყველაფერზე ერთნაირი იყო - სპეცრაზმი, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა თითქმის ყოველ ღამით. პროტესტი მალე თბილისის ფარგლებს გასცდა და მთელ ქვეყანაში გავრცელდა.