ასეულობით ნაწამები მოქალაქე და "ოცნების" დაუსჯელი ძალოვანები - 1 წელი უმძიმესი მოვლენებიდან
ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ სისასტიკიდან, რომელმაც ქვეყანა შეძრა - სტუდენტები, მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები, ექიმები, ხელოსნები და მწერლები ქუჩაში გამოვიდნენ ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ მათ რობოკოპების ძალა დაუპირისპირა. ყველაზე შემაძრწუნებელი გახდა ზვიად მაისაშვილის ფოტო: მიწაზე დაგდებულ - რობოკოპი გამეტებით ურტყამს სახეში. ერთი წლის შემდეგ ეს მოძალადე კვლავ დაუსჯელია.
სადამსჯელო სცენარი ყველა შემთხვევაში თითქმის იდენტური იყო - რობოკოპები მოქალაქეებს ალყაში აქცევდნენ, სპეციალურ „კორიდორში“ ატარებდნენ და უსასტიკესად სცემდნენ. პოლიციის მანქანებში სპეციალურად ამოეღოთ სავარძლები, რათა ცემისთვის მეტი სივრცე ჰქონოდათ, შენობებშიც და მანქანებშიც სისხლის გუბეებს ტოვებდნენ.
ერთ-ერთ კადრში სპეცრაზმელები ერეკლე ლოლაძეს და მის ძმას აგრესიულად ესხმიან თავს - 20-ზე მეტი რობოკოპი უტევს ორ ადამიან. ძმები კლინიკაში გადაიყვანეს, ერეკლე ლოლაძეს კი ოპერაციაც დასჭირდა. თუმცა არც ამ, და არც 300-მდე სხვა დაზარალებულის საქმეში, არცერთი სპეცრაზმელი დასჯილა, არცერთი პოლიციელი ყოფილა დაკითხული და არცერთი მოძალადე - იდენტიფიცირებული.
„ქართული ოცნება“ ამ ბრუტალურ ძალადობას კვლავ „ერთეულ შემთხვევებს“ უწოდებს და პასუხისმგებლობას თავად მოქალაქეებს აკისრებს.