ზურაბიშვილი: საზოგადოების დაკვეთაა, წინააღმდეგობის პლატფორმა გაიზარდოს, არ იყოს მონოპოლია პარტიების, რომლებმაც ვერ აჩვენეს, რომ მხოლოდ თვითონ შეუძლიათ მართონ სიტუაცია
საზოგადოებას პოლიტიკური ალტერნატივა, ერთობა და კოორდინაცია სჭირდება - სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ერთ წლიანი პროტესტის თავზე, პოლიტიკოსებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და ხალხს უჩვნონ, რომ არსებობს გეგმაც და გზაც "ოცნების" დასამარცხებლად.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ეს განცხადება სინდისის პატიმრების მშობლებთან და ადვოკატებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ამ კოშმარიდან და ტრაგედიიდან რომ გამოვალთ, ეროვნული თანხმობა დაგვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანა ხელახლა ქვეყანად ვაქციოთ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
მისი თქმით, საზოგადოების დაკვეთაა, რომ წინააღმდეგობის პლატფორმა გაიზარდოს და "არ იყოს მონოპოლია იმ პოლიტიკური პარტიების, რომლებმაც აქამდე ვერ აჩვენეს, რომ მხოლოდ თვითონ შეუძლიათ მართონ სიტუაცია".
ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ პარტნიორებს უნდა გაეცეთ პასუხი, "ოცნება" თუ არ იქნება, მაშინ ვინ იქნება, რა ერთობა და ალტერნატივა არსებობს.
მე რაც ამ ქვეყანაში დავიწყე მოღვაწეობა, სულ იმაზე ვმუშაობ, რომ ერთობა შეიქმნას. ერთობა ჩემთვისიარ არის ერთპარტიულობა. არ არის ხელოვნური შეჯამება ამ პარტიების. მაგრამ არის მომენტები, როცა შენ ებრძვი შენ ებრძვი შიგნით ავტორიტარიზმს და გარეთ რუსეთს, თუ შიგნით რუსეთს, აღარ ვიცით უკვე, აქ აღარ არის ადგილი იმისთვის, რომ მე ჩემი იდენტობა და რაღაც... ყველამ ერთად უნდა ვებრძლოთ ამას. ამ კოშმარიდან და ტრაგედიიდან რომ გამოვალთ, ეროვნული თანხმობა დაგვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანა ხელახლა ქვეყანად ვაქციოთ. ქარტია ძალაშია. დრო რაც გადის რაღაცები დასამატებელი არის. მისი სულისკვეთება უცვლელია, არავინ არ გამოსულა ამ ქარტიიდან და მე არ ვიცი არცერთი დოკუმენტი, რომელზეც ამდენი თანხმობა არის. ესენი როცა ჩამოიშლებიან, შეგვიძლია ქვეყანა ხელში ავიყვანოთ და დავიჭიროთ სტაბილურობა. ამას ელოდება საზოგადოება.
საზოგადოების დაკვეთაა, რომ აუცილებელია ეს პლატფორმა გაიზარდოს და არ იყოს მონოპოლია იმ პოლიტიკური პარტიების, რომლებმაც აქამდე ვერ აჩვენეს, რომ რეალურად შეუძლიათ მართონ სიტუაცია მხოლოდ თვითონ. დღეს საზოგადოებაში სხვა წონის აქცენტები გაჩნდა და საზოგადოებაში პროტესტია. პატიმრები და მათი ოჯახები, სხვადასხვა წრე, რომლებიც შეიძლება აქტივისტები არ არიან და ყოველ დღე ქუჩაში არ დგანან, მაგრამ რომლებიც ჩნდებიან, როგორც ადამიანები და ჯგუფები, თუნდაც იურისტების ჯგუფი და ა.შ. ეს პლატფორმა ამ ფორმით უნდა გაიზარდოს და ამაზე ვმუშაობთ. შეიძლება რაღაც ჯგუფები შეიქმნას. ყველაფერი რთულია ამ ქვეყანაში, მაგრამ ამასაც მივაღწევთ იმიტომ, რომ დაკვეთა არის საზოგადოების, დაკვეთა არის გარეთ. ჩემი არც ერთი გასვლა გარეთ ან ინტერვიუ, არ არსებობს ისეთი, სადაც არ მეკითხებიან, სად არის თქვენი პოლიტიკური ალტერნატივა? და სანამ არ დავანახებთ, რომ არის პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა ნაწილიც დღეს, სამწუხაროდ, ციხეში და ნაწილი რესურსების გარეშეა, სანამ არ დავანახებთ, რომ როცა ესენი ჩამოიშლებიან, შეგვიძლია რომ ქვეყანა ხელში ავიყვანოთ და სტაბილურობა დავიჭიროთ. ამას ელოდება საზოგადოება, რომ უფრო გამბედავად დაუჭიროს მხარი პროტესტს და ამას ელოდებიან ჩვენი პარტნიორები. ბუნებრივია, უყურებენ ქვეყანას და ფიქრობენ: ესენი გავიგეთ, ვინ არიან და რა არიან, მაგრამ ესენი თუ არა, ვინ იქნება და რა იქნება?“ - განაცხადა ზურაბიშვილმა
ზურაბიშვილის გარდა, პოლიტიკოსების გეგმების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება სურთ იმ ადამიანებსაც, ვისი შვილებიც უკვე ერთი წელია პატიმრობაში იმყოფებიან. სინდისის პატიმრებსი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ უნდა დასრულდეს პოლიტიკური ქიშპობა და უნდა დაიწყოს მოქმედება.